ერუშეთის საეპისკოპოსო, ეპარქია შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ არტაანის მხარეში. ლეონტი მროველის ცნობით, ქრისტიანობის მიღებისთანავე მირიან მეფემ (IV ს.) რომის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა, საქართველოში გამოეგზავნა მღვდლები და ეკლესიათა მშენებლები. მან ეპისკოპოსი იოვანე დავალებით გამოგზავნა, რათა აეგო ქართლში ეკლესიები იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიდა. პირველი ეკლესია მათ ერუშეთში ააშენეს. აქ დატოვეს განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალნი, რ-ითაც ქრისტე მიალურსმეს ჯვარცმის დროს. ამან თავიდანვე გაზარდა ერუშეთის ეკლესიის ავტორიტეტი. მის მშენებლობასა და შემკობას შეეწია მეფე მირდატ ბაქარის ძე (IV ს. 60–70-იანი წლები). ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, ვახტანგ გორგასალს (V ს.) საეპისკოპოსოთა დაარსებისას ერთი ეპისკოპოსი დაუსვამს „არტან ერუშეთს”. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) განმარტებით ერუშნელი ეპისკოპოსი ყოფილა მწყემსი ერუშეთისა და არტანისა, მტკვრის დას-ით. ჯუანშერის ცნობით, ბიზანტიელმა იმპერატორმა ჰერაკლემ საქართველოში ლაშქრობის შემდეგ (628), მიუხედავად ადარნასე ქართლის მთავრის ვედრებისა, მაინც წაიღო ერუშეთის ეკლესიის სიწმინდე – უფლის სამსჭვალნი. IX ს-ში ერუშნელი ეპისკოპოსი ერთ-ერთი აქტ. მონაწილე იყო გვარამ (გუარამ) მამფლის მიერ ჯავახეთში მოწვეული საეკლ. კრებისა, სადაც ქართლის კათოლიკოსის არჩევის საკითხი წყდებოდა. XIII ს-ში დარბაზობის დროს ქართვ. მღვდელმთავართა შორის ერუშნელს ეჭირა XV, ხოლო XVI ს. სამხრ. საქართვ. ეპისკოპოსთა შორის – VIII ადგილი. XVI ს. დასაწყისის ერთი საბუთის მიხედვით, ერუშნელის სამწყსო მოიცავდა მტკვრის მარცხენა სანაპირო არტანს კოლის საზღვრამდე. XVI ს. 70-იან წლებში ოსმალთა შემოსევისას მგელციხის გმირულ დამცველთა შორის მოხსენიებულია ერუშნელი ბერი. ოსმალთა მიერ სამხრ. საქართვ. დაპყრობის (XVI ს.) შემდეგ ე. ს. მოიშალა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (XVI ს.) მიხედვით, სოფ. ერუშეთი (ორუშეთად სახეცვლილი) შედიოდა დიდი არტაანის ლივის ტყიან რ-ნში, იქ მაშინ 28 კომლი ქართვ. ცხოვრობდა, რ-თაც 3 თვალი წისქვილი, ერთი თვალი ზეთსახდელი ჰქონდათ და იხდიდნენ წლიურ გადასახადს 12000 ახჩის ოდენობით.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941.
ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი, თბ., 1985.
დ. ბერძენიშვილი