ერქომაიშვილები

ერქომაიშვილები, ხალხურ მგალობელ-მომღერალთა ტრადიციული ოჯახი (აქვს 300 წლის ისტორია): თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი ათი ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ გიგო, მისი სამი ვაჟი – არტემი, ანანია, ვლადიმერი – და არტემის შვილიშვილი ა. დ. ერქომაიშვილი. გ. ერქომაიშვილმა, ცნობილ მომღერალთან, გამყივანის უბადლო შემსრულებელ გ. ბაბილოძესთან ერთად 1870 სოფ. მაკვანეთში დააარსა ანსამბლი, რ-იც მალე მთელ გურიაში გახდა ცნობილი. ამ ანსამბლმა პირველმა ჩაწერა 49 გურული ხალხ. სიმღერა (ჩანაწერები ინახება მოსკოვისა და ლონდონის არქივებში).

ანანია (3. I. 1894, სოფ. მაკვანეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 31. I. 1977, თბილისი), მომღერალ-მგალობელი. საქართვ. დამს. არტისტი (1958), პირველი ნათლობა ა. გ. ერქომაიშვილის გუნდში მიიღო, სადაც 1934-მდე მღეროდა. 1934-იდან დას. საქართვ. ეთნოგრ. გუნდის სოლისტი იყო (ხელმძღვ. კ. პაჭკორია), ხოლო 1940-იდან, აღმ. და დას. საქართველოს გუნდების ერთ – საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლად (ახლანდ. ანსამბლი ,,ერისიონი”) გაერთიანების შემდეგ, მისი ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი გახდა. აღსანიშნავია ძმების არტემ, ანანია და ვლადიმერ ე-ის ანსამბლი ტრიო, რ-მაც შეასრულა და ჩაწერა არაერთი უნიკალური სიმღერა, ანანიას ჰქონდა ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა განსხვავებული ტესიტურისა და ხასიათის მქონე სიმღერებს, იყო პირველი ხმის, გამყივანის, დამწყებისა და ბანის საუკეთესო შემსრულებელი.

ვლადიმერი (23. II. 1897, სოფ. მაკვანეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 27. IV. 1982, ოზურგეთი), მგალობელ-მომღერალი, ლოტბარი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1951). მღეროდა არტემ ერქომაიშვილის გუნდში, ბათუმში. 1936-იდან დამოუკიდებლად მოღვაწეობს. 1937–50 წარმატებით ხელმძღვანელობდა ყოფ. მახარაძის რ-ნის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, კონცერტებს მართავდა საბჭ. კავშირის მთელ ტერიტორიაზე. 1968-იდან იყო მახარაძის რ-ნის ხალხ. სიმღერა-გალობის სკოლის – ,,გურული სიმღერების აღმდგენელი სასწავლებლის” – პედაგოგი. სასწავლებელი ამზადებდა პროფესიონალ ლოტბარებს. 1978 ჩამოაყალიბა თავისსავე აღზრდილ, უკვე სახელგანთქმულ ლოტბართა ანსამბლი „ელესა”, რ-მაც დიდი მოწონება და აღიარება მოიპოვა. ანსამბლმა ვლადიმერის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა არსებობა (ხელმძღვ. ამირან თოიძე) და 1988 აშშ-ში სმითსონის ინ-ტის საერთაშ. ფესტივალზე ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერის დიდი დიაპაზონის, იშვიათი სილამაზის ხმა წამყვანი იყო ე-ის ტრიოში.