ესეი

ესეი (ფრანგ.essai, გერმ., ინგლ. essay – ცდა), ლიტერატურული ჟანრი. ლიტერატურის, ფილოსოფიის, ესთეტიკის, მორალური, სოციალური და ნებისმიერი სხვა სფეროს პრობლემათა სუბიექტური, თავისუფალი, არათანამიმდევრული განსჯა-განხილვა. ე-ში ხშირია პარადოქსული განზოგადებები, გაბედული ჰიპოთეზები. ე. თავს იჩენს მეცნ. და ლიტ. ტრადიციების მქონე ქვეყანაში. ე., როგორც ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი, დაამკვიდრა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა მიშელ მონტენმა (`Essais – „ცდები”, 1580). საქართველოში ეს ლიტერატურული ჟანრი XX ს. პირველ ორ ათწლეულში ჩამოყალიბდა. ეს პერიოდი ე-ს განსაკუთრებული აღმავლობის ხანაა. ამ დროს შეიქმნა კ. გამსახურდიას, გ. ქიქოძის, გ. რობაქიძის, პ. ინგოროყვას, ტ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, პ. იაშვილის, ს. ცირეკიძის, ვ. გაფრინდაშვილის, ა. არსენიშვილის, შ. აფხაიძის, ს. შანშიაშვილის, ვ. კოტეტიშვილის, ვ. ბარნოვის, დ. შენგელაიას, ი. გრიშაშვილის, შ. დადიანის, ლ. ქიაჩელის, ა. აბაშელის, გ. ცეცხლაძის, ლ. ასათიანის, ა. გაწერელიას, ი. გომართელის, ე. ტატიშვილის, კ. კაპანელის, ა. ჯაჯანაშვილის, დ. კაკაბაძის, კ. მარჯანიშვილის, ვ. გუნიას და სხვათა მეტად საინტერესო ე-ები. XX ს. 30-იანი წლებიდან 50-იანი წლების პირველ ნახევრამდე ე-მ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. 60-იანი წლებიდან ქართ. ლიტ-რაში კ. გამსახურდიას, ა. გაწერელიას, გ. ასათიანის, ნ. ჩხეიძის, ო. პაჭკორიას, ნ. დუმბაძის ე-ებით დაიწყო ამ ჟანრის მეორე სიცოცხლე. შემდგომი პერიოდის ლიტ.-კულტ. ცხოვრების იერსახე, ზოგიერთი ძირითადი ტენდენცია, სულიერი სამყაროს რაობა საუკეთესოდ ვლინდება ა. ბაქრაძის, თ. ბუაჩიძის, გ. გაჩეჩილაძის, ე. კვიტაიშვილის, გ. მაღულარიას, ტ. ჭანტურიას, თ. ჭილაძისა და სხვათა ე-ებში.

ლიტ.: 26 ესსე. ქართული ლიტერატურული ესსე. XX ს. 20-იანი წლები, მ. ხელაიას გამოც., თბ., 1986.

მ. ხელაია