ესენინი სერგეი ალექსანდრეს ძე

ესენინი სერგეი ალექსანდრეს ძე [21. IX (3. X). 1895, სოფ. კონსტანტინოვო (ახლანდ. ესენინო), რიაზანის ოლქი, – 28. XII. 1925, ლენინგრადი, დაკრძალულია მოსკოვში], რუსი პოეტი. 1913-იდან ცხოვრობდა მოსკოვში, ხოლო 1915 დასახლდა პეტროგრადში, სადაც დაუახლოვდა რუს. პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს: ა. ბლოკს, ა. ბელის, ს. გოროდეცკის, ნ. კლიუევს და სხვ. 1916 გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული, რ-მაც პოეტს დიდი აღიარება მოუტანა. 1919–23 იმაჟინისტების ლიტერატურულ წრეში იყო გაერთიანებული. წინააღმდეგობებით აღსავსე თანადროულობის მისეულმა აღქმამ განაპირობა დეკადენტური მოტივები მის პოეზიაში და წარმოშვა ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულება, რაც აისახა პოეტურ ციკლში „სამიკიტნოების მოსკოვი” (1921–24) და პოემაში „შავი ადამიანი” (1925). მძიმე დეპრესიის გამო პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ე-ის ცხოვრებასა და შემოქმედებაში გარკვეული როლი შეასრულა საქართველომ. თბილისსა და ბათუმში გატარებულ თვეებს (1924 სექტ. – 1925 მარტი) პოეტი თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და ნაყოფიერ ხანად მიიჩნევდა. ე. „მოიხიბლა” (მისივე სიტყვით) საქართვ. ბუნებით, ხალხის ხასიათით, ძვ. ტრადიციებით, კულტურით, ხალხ. ზეპირსიტყვიერებითა და ლიტერატურით, აგრეთვე – ყოფითი თავისებურებებით. მას სულიერი სიახლოვე აკავშირებდა ქართვ. პოეტებთან – ტ. ტაბიძესა და პ. იაშვილთან, ვ. გაფრინდაშვილსა და გ. ლეონიძესთან, ს. შანშიაშვილთან. საქართველოში შექმნა რუს. პოეზიის შედევრები: „წარმავალი რუსეთი”, „მიუსაფარი რუსეთი”, „წერილი მანდილოსანს”, „კავკასიაში”, „საქართველოს პოეტებს”, „ჩემი გზა”, „წერილი ბაბუას”, „მოგონება”, „დედამიწის კაპიტანი”, „სპარსული მოტივების” მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვა ცნობილი ნაწარმოებები (სულ ოცდაათამდე); აქვე მუშაობდა „ანა სნეგინაზეც”. ამ პერიოდის ნაწარმოებთა უმეტესი ნაწილი დაიბეჭდა თბილისისა და ბათუმის პრესაში. საქართველოშივე გამოვიდა ე-ის ლექსებისა და პოემების კრებულები რუს. და ქართ. ენებზე. სხვადასხვა დროს ე-ის პოეტურ ნიმუშებს თარგმნიდნენ მ. პატარიძე, გ. ცეცხლაძე, მ. ლებანიძე, ჯ. ინჯია, გ. მარგველაშვილი და სხვ. ე-ის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მნიშვნელოვანი სამეცნ.-კვლევითი და მემუარული ლიტ-რაა შექმნილი, დაწერილია არაერთი სტატია, ნარკვევი და მოგონება. მათ შორის აღსანიშნავია გ. ლეონიძის, ტ. ტაბიძის, ფ. დოლიძის მოგონებები. საქართვ. და ქართვ. ინტელიგენციასთან პოეტის პირადი და შემოქმედებითი ურთიერთობის საკითხებს ეძღვნება ი. ბოგომოლოვის, ვ. ბალუაშვილის, გ. მარგველაშვილის, დ. თუხარელის, ლ. ასათიანის სტატიები.

თხზ.: Собр., соч., т. 1–5, М., 1966–68; ლექსები, ტფ., 1926; ლექსები, პოემები, ბათ., 1969; ლირიკა, ბათ., 1980; ლექსები, პოემა, ბათ., 1984; ლექსები, პოემები, თბ., 1985; ლექსები, თბ., 1985; ანა სნეგინა, თბ., 1970; არყის ხე, თბ., 1973; სპარსული მოტივები, თბ., 1984.

ლიტ.: ბექირიშვილი ი., რუსი და სხვა მოძმე ხალხების მწერლები აჭარის შესახებ, ბათ., 1973; ბოგომოლოვი ი., სერგეი ესენინი საქართველოში, წგ.: დიადი მეგობრობის ფურცლები, თბ., 1983; გიგოლოვი გ., სერგეი ესენინის პოეზია, წგ.: რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1963; Богомолов И., Сергей Есенин и Грузия, წგ.: Тропою дружбы,Тб., 1984; Леонидзе Г., Из автобиографии, წგ.: О Маяковском. Дни и встречи, Тб., 1963; Сергей Есенин в Грузии. Сборник, Тб., 1986; Табидзе Н., Золотая монета, წგ.: Воспоминания о Сергее Есенине. Сборник, М., 1965; Табидзе Т., С. Есенин в Грузии, წგ.: Статьи, очерки, переписка, Тб., 1964.

ი. გიგოლოვი