ესთეტიკა

ესთეტიკა (ბერძნ. aisthetikos – გრძნობადი, მგრძნობელი და მომდინარეობს სიტყვიდან aisthēma – გრძნობა, გრძნობადი აღქმა), ფილოსოფიური დისციპლინა მშვენიერების ფორმების შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ბუნებასა და სოციუმში; მოძღვრება ხელოვნებისა და მშვენიერების ბუნებისა და კანონზომიერებათა შესახებ. მეცნიერება, რ-იც სწავლობს ადამიანის მიერ მშვენიერების გაგებაზე დამყარებულ, სპეციფ. არაუტილიტარულ ხერხს სამყაროს შემეცნებისა, სინამდვილისადმი ადამიანის შემოქმედებით, მხატვრულ, მჭვრეტელობით დამოკიდებულებას. ე-ს ხშირად ხელოვნების ფილოსოფიასაც უწოდებენ. ფილოს.-მეთოდ. მიდგომის მიხედვით, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ემპირიულ, ფორმალურ, ნორმატიულ, სპეკულატურ ე-ს. ესთეტ. პრობლემატიკა ჯერ კიდევ ანტ. ხანის ფილოს. პრობლემატიკის წიაღში ყალიბდება. ძვ. ბერძნ. ფილოსოფიაში საუბრობენ მშვენიერების ონტოლოგიური ბუნების შესახებ და მას გაიაზრებენ როგორც ყოფიერების, ჰარმონიის, კოსმოსის ფუნდამენტურ ატრიბუტს. ხელოვნებისა და მშვენიერების შესახებ სისტემური ფილოს. გააზრება დასავლეთში პლატონის ფილოსოფიიდან იწყება. ამ თეორიის თანახმად, ჭეშმარიტად მშვენიერია მხოლოდ მშვენიერების იდეა. საგნების მშვენიერება ამ იდეასთან ზიარების შედეგია. ხელოვნება მიბაძვის (ანუ საგანთა) მიბაძვაა და ეთიკური მიზნებისათვის ნაკლებად გამოსადეგად მიიჩნევა. ამ მხრივ განსხვავებულია არისტოტელეს ხედვა, რ-ის თანახმადაც, ხელოვნება (ტრაგედია) სული განწმენდის, კათარზისის საშუალებას წარმოადგენს. ხელოვნება ესთეტ. განცდაზე დაფუძნებული მიბაძვაა, ხოლო მშვენიერება (მშვენიერი ფორმები) ადამიანის აღქმასთან, მხედველობასა და სმენასთან მიმართებაში არსებობს და არა თავისთავად. პლოტინისთვის კი ესთეტ. შეფასების კრიტერიუმია სილამაზე როგორც ეიდოსი. ანტიკურობისაგან განსხვავებით, შუა საუკუნეების ესთეტ. ცნობიერების ობიექტია არა გრძნობად-მატერ. კოსმოსი, არამედ აბსოლუტი (ღვთაებრივი სრულყოფილება და ჰარმონია), რ-ის გამოსახვაც მხოლოდ სიმბოლურადაა შესაძლებელი. ეს ესთეტ. პრინციპია ასახული არეოპაგიტულ კორპუსშიც. მშვენიერების შესახებ ცალკეული განაზრებანი გვხვდება ეკლესიის მამების, ნეტარი ავგუსტინესა და ერიუგენას ნაშრომებში. თომა აკვინელი ქმნის სწავლებას ღვთაებრივი მშვენიერების შესახებ, რ-ის თანახმად, სილამაზისა და სრულყოფილების ეტალონი არის თავად ღმერთი, სამყაროში არსებული საგნები კი სრულყოფილების, სილამაზის, ჰარმონიისა და სიკეთის გარკვეულ ხარისხს ავლენს მხოლოდ. რენესანსის ეპოქაში ესთეტ. კატეგორიებზე, კერძოდ, მშვენიერებასა და სილამაზეზე მსჯელობენ მ. ფიჩინო და ჯ. პ. დელა მირანდოლა, ხოლო ცნობილი ხელოვანები (ლ. ბ. ალბერტი, ა. დიურერი, ლეონარდო და ვინჩი) იკვლევდნენ რა მხატვრული ტექ. ცალკეულ საკითხებს, ამასთანავე, ახდენენ ეპოქის ესთეტ. ცნობიერების ილუსტრირებას. განმანათლებლობის ეპოქაში ესთეტ. აზროვნების ძირითადი თემებია: ხელოვნების სოც. საგანმან. ფუნქცია, ხელოვნებისა და მორალის ურთიერთმიმართება. ხელოვნების აღმზრდელობით მნიშვნელობაზე საუბრობენ დ. დიდრო, ვოლტერი, ე. ბ. დე კონდილიაკი, ჟ. ჟ. რუსო, კ. ა. ჰელვეციუსი, გ. ე. ლესინგი და სხვები. ესთეტ. კატეგორიებიც (მშვენიერი, ამაღლებული, ჰარმონია, გემოვნება) განმანათლებლობის ეპოქის მოღვაწეებს აინტერესებთ როგორც „ახალი ადამიანის“ აღზრდის საშუალება. რ. დეკარტის რაციონალიზმის გავლენით შექმნილ ესთეტ. თეორიათა შორის აღსანიშნავია ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის ნ. ბუალოს კონცეფცია, რ-შიც დასრულებული სახითაა წარმოდგენილი კლასიციზმის ე. დეკარტეს რაციონალიზმის გავლენით, ბუალოს ესთეტ. უნარის სპეციფიკა ინტელექტუალურ უნარზე დაჰყავს: ხელოვნებაში (პოეზიაში) ფანტაზია და გრძნობა გონებას და საღ აზრს უნდა დაექვემდებაროს. ფორმითა და შინაარსით ხელოვნება გასაგები უნდა იყოს, სტილით – დახვეწილი და მაღალი. ახ. დროის ესთეტ. აზრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ე. ე. კ. შეფტსბერის, ფ. ჰატჩისონს და დ. ჰიუმს, რ-ებიც მიიჩნევენ, რომ ე-ის, როგორც მეცნ., საგანია ესთეტ. გემოვნების ანალიზი. ჰიუმი უპირისპირდება რაციონალიზმს ე-ში და გემოვნების ფსიქოლოგიურ თავისებურებას იკვლევს. შეფტსბერი და ჰატჩისონი კი ზნეობრივისა და მშვენიერის (ესთეტ.) მჭიდრო კავშირზე მსჯელობენ. ე-ის, როგორც მეცნ., ისტორია ექსპლიციტურად სწორედ განმანათლებლობის ეპოქაში, XVIII ს-ში იწყება. ტერმინი „ე.“, როგორც მეცნ. აღმნიშვნელი, შემოიტანა განმანათლებლობის ეპოქის გერმ. ფილოსოფოსმა, ა. ბაუმგარტენმა („მეტაფიზიკა”, 1739), „ფილოსოფიური განაზრებანი პოეტურ ნაწარმოებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ” (1735); ორტომეული [„Aesthetica (ესთეტიკა)” (1750–58)]. კლასიკური ე-ის პრობლემატიკას სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი. ბერძნ. ტერმინის aiσθητiκóς-ის თანამედროვე გაგებაც მისგან იღებს სათავეს. ბაუმგარტენისთვის ე. არის მეცნიერება გრძნობადი შემეცნების შესახებ (განსხვავებით ლოგიკისაგან, რ-იც აზროვნების კანონებს სწავლობს). ესაა მოძღვრება კარგი და ცუდი გემოვნების შესახებ. საზოგადოდ, გერმანული განმანათლებლობის ე-ის მთავარი მიზანი სილამაზის ობიექტური საფუძვლების დადგენა გახდათ. სხვა გზა აირჩია ი. კანტმა. იგი მშვენიერების აღქმის სუბიექტურ პირობებზე საუბრობს და თვლის, რომ ე-ი მეცნიერების ამოცანაა ესთეტ. მსჯელობის უნარის კრიტიკა. მშვენიერი არის წარმოსახვის უნარის ფუნქცია, რ-ითაც გრძნობა და განსჯა ჰარმონიაში მოიყვანება. მშვენიერება დაუინტერესებელი ჭვრეტის საგანია. ესთეტ. მისი აზრით, არ დაიყვანება არც შემეცნებაზე და არც მორალზე. კანტის კრიტიკის საგანი იყო ე-ის პრობლემატიკის ის ახსნა, რ-საც რაციონალიზმი და ემპირიზმი იძლეოდა. თავად კანტის ესთეტ. კონცეფცია ფორმალისტურია. გ. ვ. ფ. ჰეგელი ე-ს განმარტავს როგორც ხელოვნების ფილოსოფიას. აბსოლუტური იდეის თვითგანვითარების ერთ-ერთ სტადიად, რელიგ. და ფილოსოფიასთან ერთად, ჰეგელი ასახელებს ხელოვნებას. ამიტომ ე-ის საგნად იგი მიიჩნევს ხელოვნების ადგილის განსაზღვრას მსოფლიო გონის სისტემაში. ესთეტ. იდეალის პრობლემა, როგორც თეორ. პრობლემა სწორედ ჰეგელმა დასვა. ესთეტ. იდეალი, ესაა ხელოვნებაში რეალიზებული აბსოლუტი, რ-ისკენაც ისწრაფვის ხელოვნება. ჰეგელის მსგავსად, სპეკულატური მეტაფიზ. ჩარჩოებში ვითარდება ფ. შელინგის ესთეტ. თეორიაც, რ-ის თანახმადაც, თვითცნობიერება თავისი განვითარების საბოლოო საფეხურს ხელოვნებაში, მხატვრულ შემოქმედებაში აღწევს. ესთეტ. ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ფ. შილერის თეორიამ, ასევე ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს კონცეფციებმა ხელოვნების, მუსიკის შესახებ. XIX ს-იდან ორი პრინციპი უპირისპირდება ერთმანეთს, ესენია: „ხელოვნება ხელოვნებისთვის” (ჯ. ე. მ. ვისტლერი, ო. უაილდი) და რეალიზმი ხელოვნებაში (ი. ტენი, ნ. ჩერნიშევსკი). ამ პერიოდიდან მოყოლებული, ე-ის მეცნიერებაში დისკურსი ხელოვნების სოც. ფუნქციის შესახებ უფრო ინტენს. ხასიათს იძენს. XX ს. პირველი ნახევრის ე-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორიაა ბ. კროჩეს მეტაფიზ. კონცეფცია, რ-ის მიხედვითაც, ხელოვნება ლირ. ინტუიცია, შემოქმედებითი გონების ერთგვარი პროდუქტია. კროჩე ხელოვნებათმცოდნეობასა და მხატვრულ კრიტიკაში ახ. ესთეტ. იდეალიზმის სკოლის დამფუძნებლად მიიჩნევა. ე-ის პრობლემები მუშავდება ისეთ ფილოს. სკოლებსა და მიმდინარეობებში, როგორიცაა ნატურალიზმის (ჯ. სანტაიანა), პრაგმატიზმის (ჯ. დიუი, ჯ. მური), ექსპრესიონიზმის სკოლები (ბ. ბოზანკეტი, რ. ჯ. კოლინგვუდი), ნეოკანტიანური სკოლა (ე. კასირერი, ჰ. კოჰენი, პ. ნატორპი, ნ. ჰარტმანი), ანალიტიკური, ლინგვისტური სკოლა (ნ. გუდმენი, ჯ. დიკი, ლ. ვიტგენშტაინი, პ. კივი, ფ. სიბლეი), ფენომენოლოგია და ეგზისტენციალური ფილოსოფია (ჰ. გ. გადამერი, მ. დიუფრენი, რ. ინგარდენი, მ. მერლო-პონტი, ხ. ორტეგა ი გასეტი, ჟ. პ. სარტრი, მ. ჰაიდეგერი), მარქსისტული (კ. მარქსი, ფ. ენგელსი) და ნეომარქსისტული ფილოსოფია (გ. ლუკაჩი, ა. ლუნაჩარსკი, ლ. ტროცკი), ფრანკფურტის სკოლა (ვ. ბენიამინი, ჰ. მარკუზე), პოსტ-სტრუქტურალიზმის სკოლა (რ. ბარტესი, პ. ბურდიე, ჟ. დერიდა, ჟ. ფ. ლიოტარი მ. პ. ფუკო). XX ს. ე-ში ერთობ გავლენიანი კონცეფციის ავტორია ფრანკფურტის ნეომარქსისტული ესთეტ. სკოლის წარმომადგენელი თ. ადორნო, რ-იც ხელოვნების პრობლემატიკას, ხელოვნების სოც. კონტექსტსა და ფუნქციას ძირითადად მუსიკის ხელოვნების კრიტიკის მაგალითზე იხილავს. საქართველოში სამეცნ. აზროვნებაში ტერმინი „ე.“ „ხელოვნება“ შემოიტანა დავით ბატონიშვილმა). მანვე თარგმნა ი. ფ. ანსილონის (XVIII ს.) „ესთეტიკური განსჯანი“, თუმცა ესთეტ. კატეგორიებთან დაკავშირებული განაზრებანი საქართველოში, სავარაუდოდ, ადრეული შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. პირველი ფილოს. განაზრებანი მშვენიერების თაობაზე გადმოცემულია არეოპაგიტულ კორპუსში (ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის თანახმად, V ს. მოღვაწის, პეტრე იბერის თხზულებათა კრებულში). ამ კონცეფციის მიხედვით, გამოუთქმელი ერთი, ანუ ღმერთი, არის ერთადერთი და საბოლოო წყარო ჭეშმარიტებისა, სინათლისა, სიკეთისა და მშვენიერებისა. იგი ასხივებს სამყაროსა და მის ატრიბუტებს – სიკეთეს, ჭეშმარიტებას, მშვენიერებას, რ-ებიც ინტენსივობის თვალსაზრისით ღვთისაგან დაშორების პროპორციულად იკლებენ. XII ს-ში, ქართ. ნეოპლატონიზმის წიაღში, არეოპაგიტულ კონცეფციას ავითარებენ იოანე პეტრიწი და შოთა რუსთაველი. პეტრიწის თანახმად, მშვენიერება, არსებობასა და სიკეთესთან ერთად, პირველი ერთის (ღმერთის) თვისებაა. მშვენიერება პირველი ერთის უმაღლესი განსაზღვრებაა. საგნების მშვენიერება „საზესთაო ერთისგანაა“ მიფრქვეული. პირველი მიზეზი „მოივლის“ მთელს არსს, გააკეთილშობილებს თავისი სიკეთით და სიკეთესთან ერთად მისცემს მშვენიერებას. ღვთის მშვენიერება აბსოლუტურია, ხოლო სამყაროსეულ საგნებს შეფარდებითი მშვენიერება ახასიათებთ. არსსა და სამყაროში არსებული მშვენიერება ვლინდება მათ მოწესრიგებულობაში, წყობაში. შოთა რუსთაველთან კი საგულისხმოა მსჯელობები მიწიერი, ღვთის მიერ შექმნილი სინამდვილის მშვენიერების ანუ გრძნობადი აღქმის საგანთა და მოვლენათა მშვენიერების შესახებ. ამათგან, ყველაზე მშვენიერი ციური სხეულებია. მზე კი, როგორც უმშვენიერესი, ღვთის სიმბოლოა. ხოლო ღმერთს აბსოლუტური მშვენიერება მიეწერება. ქართ. სინამდვილეში (მხატვრული ლიტ-რის სფეროში) ესთეტ. იდეალების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მეფეებსა [თეიმურაზ I, არჩილ II, ვახტანგ VI] და დიდებულებს. მ. შ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია არჩილ II და მამუკა ბარათაშვილი. არჩილ II ქართ. ესთეტ. აზროვნებაში დას. ორიენტაციის მოაზროვნედ მიიჩნევა. მისი კონცეფცია ხელოვნების არსისა და დანიშნულების თემას ეხება. ხელოვნების ძირითადი პრინციპი, არჩილ II-ის აზრით, არსებული რეალობის მართებულ, მიუკერძოებელ ასახვაში („მართლის თქმაში”) მდგომარეობს. იგი ლიტ-რის ჟანრთა კლასიფიკაციის საკითხსაც სვამს. ვახტანგ VI-ის ლიტ. სკოლის წარმომადგენლის, პოეტი-ლირიკოსის, მ. ბარათაშვილის დამსახურება ქართ. სააზროვნო სივრცეში კი ესთეტ. პრობლემატიკის სისტემატიზაციაში მდგომარეობს. მის თხზულებაში „ჭაშნიკი” ანუ „სწავლა ლექსთა თქმისა”, სადაც პოეზიის არსსა და დანიშნულებაზეა საუბარი, გამოკვეთილია ხელოვნების დიდაქტ.-აღმზრდელობითი ფუნქცია. თხზულების ავტორის თანახმად, ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ზნეობრივ აღზრდას უნდა ემსახუროს. ხელოვნების აღმზრდელობითი ფუნქცია შეუნიშნავი არ დარჩენია დ. გურამიშვილსაც, რ-იც თვლის, რომ ხელოვნების, კერძოდ, ლიტ-რის მისია ზნეობრივ ღირებულებათა ფორმირებაში მდგომარეობს. ამასთან, რუსთაველის მსგავსად, გურამიშვილის ხედვითაც სამყაროს მშვენიერება ისეთივე მიმართებაშია ღვთაებრივ მშვენიერებასთან, როგორც ხილული მზე სულიერ მზესთან – ქრისტესთან. XIX ს. მოღვაწეთა შორის მნიშვნელოვანია ს. დოდაშვილის შეხედულება ხელოვნების ევრისტიკული ფუნქციის შესახებ. ხელოვნების ამ ფუნქციას, დოდაშვილის აზრით, საფუძვლად უდევს წარმოსახვის ძალა. სწორედ ისაა ახლის აღმომჩენი. ამასთან, დოდაშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ მშვენიერების ჭვრეტა თავისი ბუნებით დაუინტერესებელია. ესთეტ. ფენომენის ბუნების, ესთეტ. აღქმისა და გემოვნების, ხელოვნების არსისა და ფუნქციის შესახებ ვრცელი მსჯელობები გვხვდება ი. ჭავჭავაძის პუბლიც. წერილებში. ილიას აზრით, ხელოვნება ესთეტ. ზემოქმედების ძალასთან ერთად, შემეცნებითი ღირებულების მატარებელია. ხელოვნება უნდა „ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისთვის“. ქართ. ესთეტ. აზრის ისტორიაში ღირებულია ა. წერეთლის ცალკეული განაზრებანი შემოქმედებითი პროცესის საიდუმლოებისა და გენიოსის პრობლემის შესახებ. მისი აზრით, უმაღლესი ღირებულებების (ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სიკეთის) რეალიზაციის პროცესში ვლინდება ადამიანის არსება და ცხოვრების საზრისი. მხატვრული ასახვისა და ასახვის სხვა ფორმების სპეციფიკის დადგენა წარმოადგენს ნ. ნიკოლაძის ესთეტ. განაზრების საგანს. მისი აზრით, ხელოვნება უშუალო კავშირში უნდა იყოს რეალურ ცხოვრებასთან და ზრუნავდეს მისი უკეთესობისკენ გარდასაქმნელად. ქართვ. სამოციანელთა მსგავსად, პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ ემიჯნებოდა ვაჟა-ფშაველაც, რ-იც რეალისტური ე-ის პრინციპებს იზიარებდა. XX ს. პირველ ნახევარში სამშობლოში ბრუნდებიან უცხოეთში განსწავლული ქართვ. მხატვრები (ე. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ქ. მაღალაშვილი, დ. შევარდნაძე), რეჟისორები (ა. ახმეტელი, კ. მარჯანიშვილი) და საკუთარ მხატვრულ შემოქმედებაში ახლებურ ესთეტ. ხედვას ამკვიდრებენ. დიდი გამოცოცხლებაა ქართ. ლიტ-რაშიც, რ-ის ცალკეული დაჯგუფებები (სიმბოლისტები, ფუტურისტები და სხვ.) საპროგრამო მანიფესტებს აქვეყნებენ. ყალიბდება და ვითარდება ხელოვნების დარგების შემსწავლელი დისციპლინები. ხელოვნებისა და ლიტ-რის ესთეტ. ფუნქციის, ფორმისა და შინაარსის მიმართების, მშვენიერების ბუნების შესახებ საინტერესო მსჯელობებს ვხვდებით ქართვ. ლიტერატორების (კ. აბაშიძე, კ. კაპანელი, გ. რობაქიძე, გ. ქიქოძე) შრომებში. 1921 საქართველოს ანექსიის შემდეგ, ახლადფეხადგმული ქართ. ფილოსოფია და ხელოვნებათმცოდნეობა მკაცრი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა. მარქსისტული მსოფლმხედველობის იდეოლოგიურ-დოგმატური მეთოდი ესთეტ. კვლევაშიც გაბატონებულ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, იქმნება ე-ის საკითხებისადმი მიძღვნილი ცალკეული საინტერესო გამოკვლევები და სახელმძღვანელოები: შ. ნუცუბიძის ,,ხელოვნების თეორია” (1929); მ. გოგიბერიძის „რუსთაველის ესთეტიკა”; კ. კაპანელის ,,სოციალური ესთეტიკის საფუძვლები. ორგანოტროპიზმი” (1925), ,,რუსთაველის ესთეტიკა” (1928), ,,ქართული სული ესთეტიკურ სახეებში” (1931). რუსთაველის ე-ის კვლევას იწყებს მ. გოგიბერიძეც. დ. უზნაძე აქვეყნებს სტატიებს მხატვრული აზროვნების ფსიქოლ. მახასიათებლების შესახებ. ს. დანელია ქართულად თარგმნის არისტოტელეს ,,პოეტიკას” და მას ვრცელ გამოკვლევას უძღვნის. XX ს. მეორე ნახევარში საქართველოში ე-ის საკითხების კვლევა ახ. ძალას იძენს. საბჭოეთში ე-ის საკითხებზე წამოწყებულ დებატებში აქტიურად მონაწილეობენ ახ. თაობის ქართვ. ფილოსოფოსები და ლიტერატორები (ზ. კაკაბაძე, ნ. კაკაბაძე, ვ. ქვაჩახია, ნ. ჭავჭავაძე, გ. ჯიბლაძე, ო. ჯინორია და სხვ.). მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნ. ჭავჭავაძისა [„ესთეტიკის საკითხები” (1958), „ესთეტიკის საგნის ბუნებისათვის” (1965)] და ზ. კაკაბაძის [„კანტის ესთეტიკური კონცეფციის ინტერპრეტაციისათვის” (1972), ,,ხელოვნების ფენომენი” (1980)] ნაშრომები მშვენიერების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერის ესთეტიკურის ფენომენს ისინი ანთროპოლოგიურ, ეგზისტენციალურ ჭრილში იხილავენ. ნ. ჭავჭავაძე მშვენიერების ცნებას ჰარმონიის ცნებასთან აკავშირებს. მშვენიერება მისთვის არის პიროვნების „მხარეთა” ჰარმონიის განცდა. მშვენიერია ის საგანი, რ-იც იწვევს ამ ჰარმონიას. ამასთან, ესთეტ. საგნის მშვენიერებისთვის აუცილებელია ადამიანის მთელი არსების, მისი ყველა მხარის „ჩართვა”, მონაწილეობა, აქტიურობა. ზ. კაკაბაძე კი მშვენიერს ადამიანური ყოფიერების არსებით სტრუქტურად მოიაზრებს. მისი აზრით, მშვენიერება ადამიანის ყოფიერების გამოვლენა, „გამოცხადებაა”. სწორედ ადამიანის არსის ხედვა, ჭვრეტა იწვევს მშვენიერების ანუ სიამოვნების განცდას (მშვენიერი ანუ სასიამოვნო არის ადამიანის არსის ხედვა). XX ს. ქართვ. ფილოსოფოსები დასავლურ ესთეტ. კონცეფციებსაც იკვლევენ [ა. ბოჭორიშვილი, „კანტის ესთეტიკა” (1967) და წერილები ჰაიდეგერის ესთეტიკის შესახებ; ე. თოფურიძე, „კროჩეს ესთეტიკა” (1967); ნ. ტუფინაშვილი, „დილთაის ესთეტიკა” (1973); რ. შენგელია, „ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან” (1970) და „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში” (1989)]. ე-ის ცალკეულ პრობლემებს იხილავენ ქართვ. ლიტერატორებიც, რ-თა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რ. სირაძის ნაშრომი „სახისმეტყველება” (1985). ქართ. ენაზე გამოცემულია ე-ის სახელმძღვანელოები (თ. კუკავა, ა. ტყემალაძე, ა. ყულიჯანიშვილი, ბ. წოწონავა).

ლიტ.: თევზაძე გ., აღორძინების ეპოქის ფილოსოფიის ისტორია. მარსელიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე, თბ., 2008; მისივე, ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1. განმანათლებლობა. ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე, თბ., 2010; მისივე, ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 2. იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, თბ., 2012; კაკაბაძე ზ., კანტის ესთეტიკური კონცეფციის ინტერპრეტაციისათვის, თბ., 1972; მისივე, ხელოვნების ფენომენი, თბ., 1980; ჭავჭავაძე ნ., ესთეტიკის საკითხები, თბ., 1958; მისივე, ესთეტიკის საგნის ბუნებისათვის, თბ., 1965; ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. 4, თბ., 2003; Лосев  А. Ф., История античной эстетики, т. 1–8, М.,1963–2002; მისივე, Эстетика возрождения, М., 1978; Encyclopedia of Philosophy, 2nd ed. (10 Volume Set). by Donald M. Borchert (Editor). MacMillan Reference Books, 2 ed. (2006).

ნ. ფიფია