ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), შავი ზღვის სანაპიროზე. აღმ-ით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, დას-ით – შავი ზღვა, ჩრდ.-დას-ით – გალის, ჩრდ-ით – წალენჯიხის, სამხრ-ით და სამხრ.-აღმ-ით – ხობის მუნიციპალიტეტები. ფართ. 682,1 კმ². მოსახლ. 167,8 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. ზუგდიდი. ზ. მ-ში არის 1 ქალაქი, 58 სოფელი, 30 თემი: აბასთუმნის, ანაკლიის, ახალი აბასთუმნის, ახალკახათის, ახალსოფლის, განარჯიის მუხურის, გრიგოლიშის, დარჩელის, დიდი ნეძის, ერგეტის, ინგირის, კახათის, კოკის, კორცხელის, ნარაზენის, ოდიშის, ორსანტიის, ორულუს, ოქტომბრის, რიყის, რუხის, ურთის, ყულიშკარის, შამგონის, ჩხორიის, ცაიშის, ჭაქვინჯის, ჭითაწყარის, ჭკადუაშის, ჯიხასკარის.
ისტორიული ცნობა. 1917-მდე ახლანდ. ზ. მ-ის ტერიტ. ქუთ. გუბერნიის ზუგდიდის მაზრა იყო, 1921 საქართველოს სსრ ადმ.-ტერიტ. დაყოფით ისევ მაზრად დარჩა, 1930-იდან ცალკე რაიონად გამოიყო, 2006-იდან მუნიციპალიტეტია. ახლანდ. ზ. მ-ის ტერიტ. ქვის ხანიდან ჩანს დასახლებული. სოფელ ანაკლიაში მდებარეობს ორი ბორცვი – დიხაგუძუბა, რ-თა უძველესი ფენები ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. ეს ტერიტ. თავდაპირველად ეგრისში შედიოდა. ოდიშის საერისთავოს წარმოშობის შემდეგ მისი შემადგენელი ნაწილი გახდა. XVI–XIX სს-ში იგი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს ეკუთვნოდა, ხოლო 1867-იდან ზუგდიდის მაზრის გაუქმებამდე ამ მაზრის შემადგენლობაში იყო.
ბუნება. ზ. მ-ის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. გამოიყოფა 3 ოროგრაფიული ერთეული: ოდიშის დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთის მთა. ოდიშის დაბლობს უჭირავს მუნიციპალიტეტის დას. და სამხრ.-დას. ნაწილი. იგი აგებულია ალუვიური ნალექებით. დაბლობის ვაკე ზედაპირი დასერილია მდინარეთა კალაპოტებით. დაბალი ნაწილი (20–25 მ-მდე) დაჭაობებულია. მუნიციპალიტეტის აღმ. და ჩრდ.-აღმ. ნაწილი უჭირავს მდინარეთა ხეობების ხშირი ქსელით დასერილ ოდიშის პლატოს, რ-იც აგებულია ნეოგენური ზღვიური და მეოთხეული კონტინენტური ნალექებით (თიხები, ქვიშაქვები, კონგლომერატები), აგრეთვე მეოტური კირქვიანი კონგლომერატებით, რასთანაც დაკავშირებულია კარსტული მღვიმეებისა და ძაბრების განვითარება. ზ. მ-ის სამხრ.-აღმ. ნაწილშია პალეოგენური კირქვებითა და მერგელებით აგებული მთა ურთა (469 მ). აქ არის მღვიმეები, ძაბრები და სხვა კარსტული ფორმები. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაბალი ქვიშიანი დიუნებია. წიაღისეული სიმდიდრიდან აღსანიშნავია ტორფი, ურთის მთაზე კირქვებია. სოფ. ცაიშში არის თერმული მინერ. წყალი. მინერ. წყაროებია სოფ. ურთაშიც. მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13–14°C, იანვ. საშ. ტემპ-რა 4,5–5,4°C, აგვ. 22,9°C; აბსოლ. მინ. –19°C, აბსოლ. მაქს. 40°C. ნალექები 1540-იდან 1720 მმ-მდეა წელიწადში. ნალექების მაქს. რაოდენობა ზაფხულ-შემოდგომაზე მოდის. ყველაზე უხვნალექიანია სექტემბერი, მცირენალექიანი – მაისი. კარგადაა გამოხატული მუსონური ხასიათის ქარები. ზ. მ-ს დას. საზღვარზე ჩამოუდის მდ. ენგური. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდ-ები: ჯუმი (მარჯვ. შენაკად ჩხოუშით), ჭანისწყალი და სხვ. პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია რუხი (ენგურის მარცხ. შენაკადი), დიდღალი, ერგეტა, გალენიწყარი, ჭითაწყარი, მოგირი, უმპია და სხვ. მდინარეები საზრდოობენ ძირითადად წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, პატარა მდინარეებით და ჭაობებით. წყალდიდობა იცის ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირობა – გაზაფხულზე და ზამთარში. შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაჭაობებულია. მუნიციპალიტეტში დიდი ფართობი უჭირავს სუბტროპ. ეწერ ნიადაგს. ოდიშის ვაკეზე ჩამოყალიბებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები და მათი გაეწრებული სახესხვაობები. მთავარ მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ადგილ-ადგილ დაჭაობებული ალუვიური კარბონატული, ასევე უკარბონატო ნიადაგები. ყველაზე დაბალ ადგილებში ჭაობის ლამიანი, ტორფიან-ჭაობიანი და ეწერ-ლებიანი ნიადაგებია, ურთის სერზე კი – კორდიან-კარბონატული. ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტ. მცენარეულობით, აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ტიპის ტყე. შავიზღვისპირა ზოლში გავრცელებულია ქვიშიანის ბალახეულობა და ბუჩქნარი, რ-საც დაჭაობებულ ადგილებში ცვლის მურყნის ტყე. ოდიშის პლატოზე და შედარებით კარგად დრენირებულ დაბლობზე გვხვდება კოლხური ტიპის ტყე (მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, ნეკერჩხალი, ლაფანი). ზოგან შემორჩენილია რელიქტური ძელქვა. ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი და კოლხური სურო, ღიჭი, გარეული ვაზი, ღვედკეცი და სხვ. ქვეტყეს ქმნის წყავი, შქერი, ბზა, თაგვისარა, ბაძგი. ტყეში ბინადრობს ტურა, ტყის კვერნა, ტყის კატა, მელა, თხუნელა, ზღარბი, შავი და რუხი ვირთაგვა. ფრინველებიდან გვხვდება ყორანი, რუხი ყვავი, ჭილყვავი, ჩხიკვი, მოლაღური, შაშვი, კოდალა, გუგული, ოფოფი, ქორი, ჭოტი, იხვი და სხვ.; ქვეწარმავალთაგან – ჭაობის კუ, სხვადასხვა სახის ხვლიკი, გველხოკერა; ბევრია ამფიბია. მდინარეებში გავრცელებულია სალამურა, ლოქო, გველთევზა, ქარიყლაპია, ფარგა, ქორჭილა და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. დაჭაობებული ვაკე-დაბლობი უმთავრესად მურყნარით და ლამიან-ჭაობიანი ნიადაგებით; 2. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობითა (ლაფნარ-მურყნარით) და ალუვიური ნიადაგით; 3. დაბალი ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; 4. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და გაეწრებული წითელმიწა ნიადაგებით; 5. კარსტული სერი კოლხური მცენარეულობითა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ისტ. და ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ზუგდიდში დადიანების კარის ეკლესია, წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია მაცხოვრის გორაზე (XIV ს. II ნახ.) და დადიანების სასახლე (XIX ს.) ზუგდიდში, კორცხელის ციხე – „ჩიჟის კარი” სოფ. ბაშის მიდამოებში (XIII–XIV სს.), კვირეოს ციხე და ეკლესია – ნათლისმცემლის კვირეოს ხატი (XVI–XVII სს.) ნარაზენში, ცაიშის ეკლესია და კომპლექსი „ჯეგეთა” (XII–XIII სს.), ანაკლიის (შუა საუკუნეები), რუხის (1636), ჭაქვინჯის (შუა საუკუნეები) ციხეები.
ლიტ.: ბერაძე თ., მაისაია ი., სამეგრელო (მეგზური), თბ., 2000.
ე. ლოლუა
მ. შენგელაია
ი. ძიძიგური