ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრი შ. დადიანის სახელობისა, ქართული პროფესიული თეატრი ზუგდიდში. სათავეს იღებს 1868-იდან. ამავე წლის 11 აპრილს ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ძალებით გაიმართა პირველი წარმოდგენა – მოლიერის „ძალად ექიმი”. დადგმის ინიციატორი იყო მწერალი და საზ. მოღვაწე ა. ფურცელაძე. სცენისმოყვარეთა შემდგომი წლების რეპერტუარში ძირითადი ადგილი ორიგინ. დრამატურგიას (გ. ერისთავის „ძუნწი”, „უჩინმაჩინის ქუდი” და სხვ.) ეკავა. XX ს. დასაწყისში ზუგდიდში სცენისმოყვარეთა სხვადასხვა დასი მუშაობდა. 1898 სცენისმოყვარეთა ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ნ. ბუკია (დადგა გ. ერისთავის „გაყრა”). პარალელურად მოღვაწეობდა სცენისმოყვარეთა მეორე ჯგუფიც ლ. გვიშიანის ხელმძღვანელობით (დადგა ა. წერეთლის „კინტო”, „პატარა კახი”; ვ. გუნიას „და-ძმა”, ა. ცაგარლის „ქართველი დედა”). 1907–08 შეიქმნა ს.-დ. პარტიის თეატრ. წრე, ე. წ. „მუშური დრამწრე”, რ-მაც წარმოადგინა ა. აწყურელის „ორი მშიერი” (პირველი წარმოდგენა), ი. ჭავჭავაძის „ქართვლის დედა”, ა. ყაზბეგის „არსენა”, პ. ირეთელის “ქრისტინე” (ე. ნინოშვილის მიხედვით), ა. ცაგარლის “ხანუმა”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, ა. წერეთლის “პატარა კახი”, ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე” და სხვ. ზუგდიდში გასტროლებს მართავდნენ და სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში მონაწილეობდნენ: ლ. მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, ე. ანდრონიკაშვილი, ვ. გუნია, ე. ჩერქეზიშვილი, შ. დადიანი, ა. იმედაშვილი, პ. კობახიძე და სხვ. 1932 დაარსდა ზ. ს. დ. თ., რ-იც ახალ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა იმავე წლის 11 აგვისტოს სპექტაკლებით – ნ. შიუკაშვილის „სამართალი” (რეჟ. გ. ფრონისპირელი) და პ. სამსონაძის „სალტე” (რეჟ. გ. ფრონისპირელი და ა. ციციაშვილი). თეატრის ადგილობრივი ძალებისთვის მოეწყო გადასამზადებელი კურსები ცნობილი რეჟისორების ხელმძღვანელობით. დასი შეივსო თბილისიდან ჩამოყვანილი მსახიობებით. მათ სათავეში ჩაუდგა თბილისიდან მიწვეული ცნობილი რეჟისორი ვ. გარიკი, რ-მაც 1932–34 დადგა გ. რობაქიძის „ლამარა”, ს. შანშიაშვილის „ანზორი”, ბ. ლავრენიოვის „რღვევა”, გ. ბუხნიკაშვილის „ნაბიჭვარი”, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო” და სხვა ყველა ის სპექტაკლი, რ-ებიც წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. თეატრის რეპერტუარში ძვ. ქართ. და თანამედროვეობის ამსახველი პიესების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დას. ევრ. კლასიკამ. ზ. ს. დ. თ-ის შექმნასა და განვითარებაში წვლილი მიუძღვით: მ. ქორელს, გ. ფრონისპირელს, ნ. გვარაძეს, გ. იოსელიანს, გ. გაბუნიას, რ. ქართველიშვილს, ბ. მაღლაკელიძეს, გ. ლაღიძეს, ვ. მჭედლიძეს, შ. მჟავანაძეს, თ. ჩხეიძეს, დ. კობახიძეს, ნ. დეისაძეს და სხვ. მხატვრებს: ი. გამრეკელს, დ. მირიანაშვილს, ნ. ყაზბეგს, ი. პეტრაიტისს და სხვ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზ. ს. დ. თ-ის ისტორიაში ვ. გარიკთან ერთად ვ. ყუშიტაშვილის მოღვაწეობის პერიოდს. დადგმებიდან აღსანიშნავია: შ. დადიანის „უტუ მიქავა”, ბ. ლავრენიოვის „რღვევა”, გ. რობაქიძის „ლამარა”, ლოპე დე ვეგას „თივა და ავი ძაღლი”, ა. ცაგარლის „ციმბირელი”, ვ. დარასელის „კიკვიძე”, ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში”, ა. ჩხაიძის „შთამომავლობა”, ნ. ჰიქმეთის „ყეყეჩი”, ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი”, ი. ვოინოვიჩის „გრიგალი”, ბ. ტომასის „ჩარლის დეიდა”, ა. ჩხაიძის „დაბრუნება”, პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება”, დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი”, „სამანიშვილის დედინაცვალი”, კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია”, გ. კაჭარავას „ევრიკა”, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” და სხვ. 1965 თეატრალური ინ-ტის მაშინდელმა დიპლომანტმა თ. ჩხეიძემ ზ. ს. დ. თ-ის სცენაზე დადგა ახალგაზრდა მსახიობის ჯ. მონიავას პიესა „კორპუსი 5, ოთახი 55”. წარმოდგენა მხატვრულად გააფორმა ა. რამიშვილმა. როლებს ასრულებდნენ თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა მსახიობები: ნ. ფაჩუაშვილი, ა. მახარაძე, ჟ. ლოლაშვილი, აგრეთვე თვით რეჟისორი თ. ჩხეიძე. ამავე სეზონში თ. ჩხეიძემ დადგა ვ. დარასელის „კიკვიძე”. თეატრთან, მისივე ძალებით შეიქმნა „თოჯინების თეატრი, რ-მაც 1965 წარმოადგინა გერნეტისა და გურევიჩის ზღაპარი-კომედია „ბატის ჭუკი”. ზ. ს. დ. თ. გასტროლებს აწყობდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. თეატრს 1959 მიენიჭა შ. დადიანის სახელი. დასში არიან (2014): მსახიობები – ზ. ლაშხია, მ. კაკალია, რ. ჯოჯუა, ნ. ბუკია, ზ. გუნია, მ. დარასელია, მ. ჩარგაზია, მსახიობი და ქორეოგრაფი გ. ქობალია და სხვ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟ. ბ. წერედიანი, მხატვარი – მ. კორკელია, დირექტორი – მ. კალანდია. 2013 თეატრმა აღნიშნა 145 წლის იუბილე, იმავე წელს წარმოადგინა გ. დოჩანაშვილის „ხორუმი ქართული ცეკვაა” და ე. შვარცის „თოვლის დედოფალი”.
ლიტ.: გაბისონია გ., ბარამია ა., ზუგდიდის თეატრი, თბ., 1969.
შ. ცუცქირიძე
მ. კალანდია