ესკალატორი (ინგლ. escalator, ლათ. scala – კიბე), მოძრავი კიბის სახის ქვეითთა გადასაყვანი ამწევ-სატრანსპ. მოწყობილობა, კონვეიერი, რ-იც შედგება ჩაკეტილი წირის ფორმის ორი საწევი ჯაჭვისაგან, მათზე სახსრულად დამაგრებული საფეხურებით. ელექტროძრავას ბრუნვით მოძრაობაში მოჰყავს ორი წყვილი „ვარსკვლავი” მათზე გადაცმული საწევი ჯაჭვებით. ამძრავი, ჩვეულებრივ, ე-ის ქვეშ სამანქანო განყოფილებაშია განლაგებული. ე-ის ზედა და ქვედა ნაწილებში საფეხურებით იქმნება ჰორიზ. სიბრტყეები, რითაც მოსახერხებელი ხდება ე-ზე შესვლა და გადმოსვლა. ე-ის კონსტრუქცია 1892 წელს დააპატენტა ამერიკელმა გამომგონებელმა ჯ. რენომ, თუმცა ეს კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი დანიშნულებით თანამედროვე ე-ისგან და გამიზნული იყო ატრაქციონისთვის. პირველი თანამედროვე ტიპის ე. დამონტაჟდა ლონდონის მეტროპოლიტენში 1911 წელს. შემდეგ იგი სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შედარებით დიდ სიღრმეზე განლაგებულ სადგურებში. მოგვიანებით ე-ის გამოყენება სხვა ობიექტებზეც დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ე-ს შეუძლია მგზავრების გადაყვანა უწყვეტ რეჟიმში, განსხვავებით ლიფტისგან, და მაღალი მწარმოებლურობა (თეორიულად 10 ათასამდე მგზავრი სთ-ში), რ-იც არ არის დამოკიდებული აწევის სიმაღლეზე, თუმცა მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა, როგორიცაა მაგ., აწევის შეზღუდული სიმაღლე, დამოკიდებული მექანიზმის ტვირთამწეობაზე (ჩვეულებრივ, ე-ით ხდება 30-40 მ-მდე დონეთა სხვაობის გადალახვა), დაბალი სიჩქარე და როგორც კონსტრუქციული, ასევე საექსპლუატაციო სიძვირე. მეტროპოლიტენების სადგურების გარდა ამჟამად ე. გამოიყენება ზოგიერთ მრავალსართულიან ობიექტზე, არის შემთხვევები როდესაც ის გამოიყენება დიდი დაქანების მქონე ქუჩებში ქვეითთა მოძრაობის გასაიოლებლად. ასევე აღსანიშნავია ესკალატორის ტიპის ე.წ. მოძრავი ტროტუარები, რ-ებითაც მგზავრების გადაადგილება ხდება ერთ დონეზე ან მცირე დაქანებით. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ე-ის (სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგური „ადმირალტეისკაია”)სიგრძეა 137 მ და დონეთა სხვაობა 68,7 მ. ყველაზე პატარა ე. ფუნქციონირებს ქ. კავასაკის (იაპონია) ერთ-ერთ სუპერმარკეტში. მისი სიმაღლე მხოლოდ 83 სმ-ია და მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს. საქართველოში ე-ის გამოყენება უკავშირდება მეტროპოლიტენის მშენებლობას. პირველი ე. დამონტაჟდა სადგურ „მარჯანიშვილის” მშენებლობისას 1959 წელს. მეტროს სადგურ „სამგორში” დამონტაჟებულია მოძრავი ჰორიზ. ტროტუარი, რ-იც ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ვესტიბიულებს (1998-იდან არ ფუნქციონირებს). XX ს. 80-იან წლებში ქართვ. არქიტექტორების მიერ შემოთავაზებულ იქნა ე-ის გამოყენების იდეა თბილ. დიდი ქანობების მქონე ქუჩებისთვის სოლოლაკის, მთაწმინდისა და რიგ სხვა უბნებში. საქართველოში ე. გამოიყენება აგრეთვე სართულების დასაკავშირებლად დიდ სავაჭრო ცენტრებში სტაციონარული კიბეების ნაცვლად.
გ. დათუკიშვილი