ესოპე (Aesopos), ძვ. წ. VI ს. ბერძენი მწერალი. იგავარაკული ჟანრის ფუძემდებელი. ანტ. სამყაროში ე-ს კრებულები ფართოდ იყო გავრცელებული. XIII–XIV სს. მიჯნაზე ეს არაკები შეკრიბა მაქსიმე პლანუდემ. ე-ს არაკების სიუჟეტები გამოიყენეს ფედრუსმა, ჟ. ლაფონტენმა, ი. კრილოვმა, ს.-ს. ორბელიანმა. საქართველოში ადრევე დაინტერესებულან ე-ს შემოქმედებით. ჩვენამდე მოღწეული უძველესი თარგმანი XVIII ს. I ნახევრით თარიღდება. რამდენიმე ხელნაწერში (ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, შ–2409, 1536; H–180 და სხვ.) დაცულია ბერძნულიდან თარგმნილი 40 იგავი (მთარგმნელი უცნობია); თარგმანის ვერსიას ქართ. ბერძნ. ტექსტების შეჯერება ადასტურებს. სხვადასხვა ქართ. ხელნაწერში დაცულ ტექსტებს შორის შეინიშნება ვარიანტული სხვაობანი, მაგრამ უდავოა, რომ ისინი მომდინარეობენ ერთი საერთო პირველწყაროდან ან ერთიმეორისგან. თარგმანის ენა სადაა და ადვილად გასაგები. როგორც დედანში, თარგმანშიც არაკები ორი ნაწილისაგან შედგება – საკუთრივ არაკისა და შეგონებისაგან. შეგონებას ქართ. ტექსტში „თარგმანი” ეწოდება. ქართ. ხელნაწერებს შემოუნახავს ე-ს „ცხოვრების” თარგმანიც, რ-იც, შესაძლოა, არაკებზე ადრეც იყოს შესრულებული. „ცხოვრების” ქართ. თარგმანს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ბერძნ. ტექსტის თავდაპირველი სახის გასათვალისწინებლად. 1859 ვენეციაში ქართულად დაისტამბა ე-ს იტალიურიდან თარგმნილი 95 არაკი. მთარგმნელის ვინაობა ცნობილი არ არის.
თხზ.: იგავნი, თბ., 1944; იგავ-არაკები, თბ., 1968.
ლიტ.: ბააკაშვილი ვ., ესოპეს არაკების ქართული თარგმანი, «ლიტერატურული ძიებანი», 1959, [ტ.] 12; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958.
ვ. ბააკაშვილი