გუდამაყარი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთიდან შემოზღუდულია მთიულეთის, აღმოსავლეთიდან გუდამაყრის ქედებით. ამ უკანასკნელზე გადიოდა გვიანდ. ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი.
გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით, ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გ., როგორც მხარე, მოხსენიებულია VII ს. სომხ. გეოგრაფიაშიც.
გ-ში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა.
გ-ის მხარის ისტ.- ხუროთმოძღვრულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდ. ფეოდ. ხანის მახვილოს ციხე [მდებარეობს მდ. ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს მახვილივით აზიდულ მთაზე], პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში და ზეგარდის წმ. გიორგისა სოფ. დუმაცხოში.
გ-ის ხეობაზე გადიოდა საქართვ. დღევანდელი სამხ. გზის ერთ-ერთი განშტოება, რ-იც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა.
ფეოდ. ხანაში გ. არაგვის საერისთავოში შედიოდა, XIX ს-ში კი – დუშეთის მაზრის შემადგენლობაში. თანამედროვე ადმ. დაყოფით ეკუთვნის დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემის საკრებულოს ტერიტორიას.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, [ტ.] 5; მისივე, მთიულეთის ისტორიული გეოგრაფიიდან, «კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული», 1971, [ტ.] 3; მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930.
ჯ. გვასალია