ეტიმოლოგია (ბერძნ. etymon – სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა და logos – სიტყვა, მოძღვრება), 1. ისტორიული ლექსიკოლოგიის დარგი. შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობის განვითარებას, განსაკუთრებით – მის თავდაპირველ მნიშვნელობას. თანამედროვე ე. ემყარება ენის სტრუქტურის, ენობრივი სისტემის ყველა რგოლის ჩამოყალიბებასა და ცვლის ცოდნას. მაგ., სიტყვა ნახშირის წარსულის კვლევის საფუძველია ქართ. ბგერათა ჯგუფების შ ხ, ხ შ ისტ. შესწავლა, კილოების მონაცემთა (ნახშირი) გათვალისწინება და სვანურსა და მეგრულში შემორჩენილ ფუძეთა (შიხ, ნოშქვერი) შედარება. 2. სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა, მაგ., ორი, ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, უკავშირდება სიტყვებს ყური, ყევარი, თავდაპირველად იგი წყვილობის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. ცალკეული სიტყვის ე. ზოგჯერ საინტერესო მასალაა ამა თუ იმ ენობრივი კოლექტივის ყოფის ან აზროვნების ისტ. კვლევისათვის. მაგ., მიზეზობრივი კავშირის გამომხატველი სიტყვა „ვინაიდან” გამოხატავდა თანამიმდევრობას დროში – „რა დროიდან”, თავდაპირველად კი გადმოსცემდა თანმიმდევრობას სივრცეში – „საიდან”. ამგვარად, „ვინაიდან” სიტყვის მნიშვნელობის ცვლაში უკუფენილია აზროვნების განვითარება კონკრეტულიდან აბსტრაქტულისაკენ. 3. ძვ. სასკოლო გრამატ. დარგი სიტყვის აგებულების შესახებ (დაახლ. შეესაბამებოდა შემდეგდროინდელ მორფოლოგიას).
ბ. ფოჩხუა