ეტლი, ბორბლიანი მსუბუქი ტრანსპორტი ცოცხალი გამწევი ძალით (ხარი, ცხენი, სახედარი და სხვ.). საბას მიხედვით, „ურმის მსგავსი კამაროსანი დიდებულთ საჯდომელად”. ე-ის წარმომავლობის შესახებ მრავალი ვარაუდია გამოთქმული. ზოგი მეცნიერის აზრით ბორბლიანი ხის ტრანსპორტი პირველად კავკასიაში ან ზაგროსში უნდა შექმნილიყო. ფიქრობენ, რომ ე-ები ან მისი დასამზადებელი მასალა ძვ. ეგვიპტეში ამიერკავკასიიდან შეჰქონდათ. ე-ის უძველესი ნიმუშები ჯერჯერობით ცნობილია მესოპოტამიიდან და ელამიდან (ძვ. წ. IV–III ათასწლ.). ძვ. წ. III ათასწლ. დასაწყისიდან ძვ. შუმერულ და ბაბილონურ გამოსახულებებში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ე-ები. საომარ სცენებში (საბეჭდავები, სტელები) ე-ზე დგას შეიარაღებული ღვთაება ან რომელიმე ხელისუფალი, რ-იც ზოგჯერ წინ მიუძღვის მეომართა ფალანგას. უძველესი ე-ები ოთხთვლიანია. გამწევ ძალას ხარი ან სახედარი წარმოადგენდა (ხშირად ოთხი, ერთრიგად შებმული). ძვ. წ. III ათასწლ. შუა ხანიდან ბაბილონში ე-ის მასიური დისკოსებური თვლები შეიცვალა უფრო მსუბუქი, ოთხმანიანი თვლებით. ძვ. წ. II ათასწლ. სამხ. საქმეში დიდ როლს ასრულებდა ცხენშებმული ორთვლიანი მსუბუქი ე-ები მანებიანი თვლებით. ძვ. წ. XVI ს-ში ამგვარი ე-ების შეტანას მესოპოტამიასა და ინდოეთში მიაწერენ იქ შეჭრილ არიელებს. ე. ფართოდ გავრცელდა ეგვიპტეში, სადაც მას სირიიდან შემოტანილად თვლიდნენ. ამავე ხანაში ე. როგორც საომარი და სანადირო ტრანსპ. გავრცელდა მცირე აზიასა (ხეთების იმპერია) და საბერძნეთში (კრეტა-მიკენი). ჰომეროსი იცნობდა როგორც საბრძოლო, ისე ორადგილიან მსუბუქ სამგზავრო ე-ს. ძვ. წ. 1500 წლიდან ე. დამოწმებულია ჩრდ. ევროპასა და ჩინეთში. იგი დიდხანს შემორჩა სპარსელებსა და კელტებთან. დაახლ. ძვ. წ. 1000 წ. ე-ის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. საბრძოლო ე. ფართოდ გავრცელდა ასირიისა და ურარტუს სახელმწიფოებში. ძვ. წ. VIII ს. შუა ხანებისათვის ასურეთში ექვსმანიანი ბორბალი უკვე შეცვლილი იყო რვამანიანით. ძვ. წ. IX ს. ურარტულ ტექსტებში ლაპარაკია საბრძოლო ე-ის არსებობაზე. მათი გამოსახულებები კი ცნობილია ვანის სამეფოს გვიანდ. პერიოდიდან. ურარტული საბრძოლო ე. ახლოს დგას ასურულთან. ე. ორ- ან სამცხენიანი იყო, ძარაში თავსდებოდა მეეტლე და მეომარი. ძვ. საბერძნეთიდან და რომიდან ცნობილია ოთხცხენიან ტრიუმფატორთა ე-ები. შუა საუკუნეებში დას. ევროპაში იყენებდნენ საომარ ოთხთვალებს სათოფურებიანი მაღალი მძლავრი კედლებით, რ-შიც მსუბუქ და ზარბაზნებთან ერთად თავსდებოდნენ მსროლელები. XVI ს-ში დაახლ. ასეთ ოთხთვალებს იყენებდნენ ციმბირელი კაზაკები. უძველესი დროიდანვე ე. დაკავშირებული იყო დაკრძალვის რიტუალთან. დასაკრძალავი ე-ები აღმოჩენილია ურის სამეფო სამარხებში, სამხრ. რუს. ორმოიან სამარხებში (ძვ. წ. III ათასწლ.), აგრეთვე ცნობილია ჰალშტატისა და ლატენის კულტურებიდან (ძვ. წ. I ათასწლ.) და სხვ. ამიერკავკასიაში უძველესი ბორბლიანი ტრანსპორტის არსებობის ნიშნები შეიმჩნევა მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებში. თრიალეთის ყორღანებში (ძვ. წ. III–II ათასწლ.) დაკრძალულ წარჩინებულებს ჩატანებული ჰქონდათ ხარებშებმული ხის ოთხთვლიანი სარიტუალო ე-ები. მათი შესწავლის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ძვ. წ. III ათასწლ. დასასრულამდე თრიალეთში, ბრძოლის დროს იხმარებოდა ოთხთვლიანი ე., რ-საც შემდეგში დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებით იყენებდნენ. ცხენებშებმული ე-ები აღმოჩნდა ბერიკლდეების (ძვ. წ. XV ს.) და არადეთის ორგორის (ძვ. წ. XIV–XIII სს.) ყორღანებში. სხვადასხვა სახის ე-ები ცნობილია ლჭაშენისა (ძვ. წ. XIII–XI სს.) და ქვემო ადიამანის (ძვ. წ. X ს.) ყორღანებიდან. ლჭაშენში აღმოჩნდა ბრინჯაოს ხეთური ტიპის ე-ის მოდელი, რ-ზედაც ხეთურმუზარადიანი მეომრის 2 ფიგურაა.
ამავე ხანისაა სტეფანავანში აღმოჩენილი ბრინჯაოს სარტყელი, რ-ზედაც სქემატურად გამოსახულია ორთვლიანი ე. ურარტული ე-ები ამიერკავკასიაში გავრცელდა ძვ. წ. VIII ს-იდან. მათი გამოსახულება ახტალისა და თლის სამარხებში (ძვ. წ. VIII–VII სს.) აღმოჩენილ ბრინჯაოს სარტყლებზეა მოთავსებული. ამავე ხნის უნდა იყოს კახეთში აღმოჩენილი ორცხენშებმული ორთვალა საომარი ე-ის ბრინჯაოს მოდელი (ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში).
ლიტ.: მელითაური კ., ოთხთვლიანი საომარი ეტლი ძველ საქართველოში, <<ძეგლის მეგობარი>>, 1970, კრ. N21.
ე. გოგაძე