ეული სანდრო (ნამდვ. გვარი და სახელი – ქურიძე ალექსანდრე ქიშვარდის ძე) [11 (23). X. 1890, სოფ. ზომლეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 25. III. 1965, თბილისი], პოეტი. 1907 დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. 1909-იდან, ფოთში მუშაობის დროს, ჩაება რევ. საქმიანობაში. 1920 იყო ქართ. ბოლშევიკური გაზ. „კომუნისტის” რედაქტორი. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1934–39), ჟურნ. „ნიანგის” რედაქტორი (1925, 1928–30, 1936–44), საქართვ. საჯარო ბ-კის დირექტორი (1933–36 და 1944–62). ლექსების ბეჭდვა 1909 დაიწყო. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ ე. იყო „პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი მეთაური. აღსანიშნავია მისი პოემები: „არწივების ბუდე”, „ჭალადიდი”; დრამ. პოემა „ახალი ბალეტი”; პიესა „უძლეველი ძალა”; მოთხრობები: „ამირან ვაშალომიძე”, „სიცოცხლის დაბრუნება” და სხვ., რ-ებიც გაერთიანდა კრებულებში: „რჩეული ლექსები და პოემები” (1930), „პოემები” (1933), „რჩეული” (1941), “„ატარა მოთხრობები” (1942). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1963–64.
ლიტ.: აკერმანი ნ., ბაქრაძე თ., ლაიშვილი ნ., სანდრო ეული–ქურიძე. 1890–1960 (მოკლე ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1960.
ა. მირიანაშვილი