ეფთვიმე (ექვთიმე) I

ეფთვიმე (ექვთიმე) I (საყვარელიძე), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1578–1616; ადრე იყო მოქვის მთავარეპისკოპოსი – მოქველი. ბიჭვინთის საკათოლიკოსოს შეუძინა დიდძალი მოძრავი ქონება: თვალ-მარგალიტით შემკული, ძვირფასი ქსოვილებისაგან დამზადებული საპატრიარქო შესამოსელი, ოქრო-ვერცხლისაგან ნაკეთები სარიტუალო ინვენტარი, მდიდრულად მოკაზმული საეკლ. წიგნები, „ქართლის ცხოვრება”, თავისივე გადაწერილი „გულანი” და სხვ. ამასთან პირადი ქონებაც ეკლესიის საკუთრებად აქცია. კერძოდ, ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, ადგილ-მამულის საკათოლიკოსოსათვის გადასაცემად მისცა დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთი. კათოლიკოსმა შეამკო მოქვის ტაძარი, სპეციალურად მოაჭედვინა და შესწირა მას მოქვის ღვთისმშობლის ხატი. მისი შეკვეთით გადაიწერა უამრავი ხელნაწერი, რ-ებმაც გაამდიდრა საქართვ. თითქმის ყველა კუთხის ეკლესია-მონასტერი.

წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.

ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე