ეფთვიმე გენათელი

ეფთვიმე გენათელი (ერისკაცობაში – შერვაშიძე) (გ. 1822), მიტროპოლიტი 1776–1820, ეკავა ჯუმათის საეპისკოპოსო. დიდი ხარჯი გასწია გელათის საეპისკოპოსოს ეკონ. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ყურადღებას აქცევდა გაპარტახებული ადგილების აღდგენას. სოფ. ბოსლევში ხელახლა დაასახლა გლეხები, ააშენა სოფ. მუხაღრუა, იქვე ააგო ეკლესიაც. იბრძოდა ცენტრ. სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. 1789 შედიოდა იმერეთის საერო და საეკლ. თავკაცთა ჯგუფში, რ-თაც წინადადებით მიმართეს ერეკლე II-ს, თავისი ხელისუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. 1819, იმერეთის აჯანყების დროს, ე. გ. რუს. ხელისუფლებამ დააპატიმრა – ეგზარქოს თეოფილაქტეს ცრუ დაბეზღების გამო იგი მიჩნეული იყო აჯანყების ერთ-ერთ მოთავედ. ე. გ. სხვებთან ერთად გადაასახლეს რუსეთში.

ლიტ.: იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ა. გაწერელიას გამოც., ტფ., 1936; კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წგ.2, ტფ., 1921; კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX ს.)., თბ., 1954.

ბ. ლომინაძე