ეტრუსკები, ტუსკები (ბერძნ. Tyrrēnoi; Tyrsēnoi; ლათ. Etrusci, Tusci; ეტრუსკ. Rosenna), იტალიის უძველესი მოსახლეობა. ძვ. წ. I ათასწლეულში ეკავათ ვრცელი ტერიტორია აპენინის ნ.-კ-ის ჩრდ.-დას. ნაწილში (ძვ. ეტრუსია, ახლანდ. ტოსკანა). ე-მა შექმნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, ინტენსიური საქალაქო ცხოვრება, თვითმყოფი ხელოვნება, ბერძნული ანბანის საფუძველზე ჩამოყალიბებული დამწერლობა. ე-ის წარმომავლობის შესახებ სამი უმთავრესი ჰიპოთეზა არსებობს: 1. ე. ჩრდილოეთიდან მოსული ხალხია. დღეს ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. 2. ე. ავტოქთონური (ადგილობრივი) წარმოშობის არიან. ეს მოსაზრება ჯერ კიდევ ანტ. ეპოქაში წამოაყენა დიონისე ჰალიკარნასელმა (ძვ. წ. I – ახ. წ. I ს.), რ-საც თანამედროვე ეტრუსკოლოგთა ერთი ნაწილი ეთანხმება. დიონისე ჰალიკარნასელი ასე ახასიათებდა ეტრუსკებს: „ხალხი, რომელიც არ ჰგავს სხვას არავის, არც ენით და არც ჩაცმულობით”. 3. ე. მცირე აზიიდან, ლიდიიდან გადმოსახლებულან. თანამედროვე მეცნიერებაში ყველაზე პოპულარულ ამ თვალსაზრისს, რ-იც ჰეროდოტედან (ძვ. წ. V ს.) მომდინარეობს, დღეს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ძვ. წ. V ს. დასაწყისიდან იწყება ე-ის თანდათანობითი დაქვეითების პროცესი. ძვ. წ. IV ს-ში კელტების შემოსევის შედეგად ე-მა დაკარგეს გავლენა მდ. პოს ხეობასა და ადრიატიკის სანაპიროზე, ხოლო ძვ. წ. I ს. რომმა ე-ის მთელი ტერიტორიის ანექსია შეძლო, ამის შემდგომ ე. საკმაოდ ადვილად დაექვემდებარნენ რომაელებთან ასიმილაციას და ბოლოს და ბოლოს შეერწყნენ იტალიის ლათინურენოვან მკვიდრთ. ინტენსიური კვლევების მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვეველია ე-ის ენის წარმომავლობის საკითხი. არსებობს აზრთა დიდი სხვადასხვაობა ენათა ცნობილ ოჯახებში ეტრუსკული ენის ადგილის განსაზღვრის შესახებ. XIX ს-იდან მოკიდებული ეტრუსკულ ენას აკავშირებენ ცალკეულ ინდოევროპულ (ხეთური, ბერძნული, სომხური, ალბანური და სხვ.) ან არაინდოევროპულ (დრავიდული, ეგვიპტური, უნგრული, ფინური, თურქული და სხვ.) ენებთან. 1899 ვ. თომსენმა გამოაქვეყნა ნაშრომი „შენიშვნები ეტრუსკული ენის ნათესაობის შესახებ”, რ-ითაც იგი ეტრუსკულის ჩრდ. კავკასიის ენებთან მიმართების თვალსაზრისს გვთავაზობს. ეტრუსკული ენის კავკასიურ ბუნებას ამტკიცებდნენ ნ. მარი და სხვ. XX ს. განმავლობაში იყო ფრაგმენტული ცდები ეტრუსკული ენის ქართველურ ენებთან დაკავშირებისა, მაგრამ ენობრივი მიმართებების გამოვლენას სისტემური ხასიათი მიეცა რ. გორდეზიანის მონოგრაფიის „ეტრუსკული და ქართველური” (1980) გამოქვეყნების შემდეგ. მას გამოუჩნდნენ თანამოაზრეები (ა. ი. ნემიროვსკი, ე. ი. ფურნიე, ჯ. გარბინი და სხვ.). 2007 გამოცემული „მედიტერანულ-ქართველური მიმართებების” III ტომი მთლიანად ეძღვნება ეტრუსკულ ენასა და მის ქართველურთან მიმართების საკითხს. ნაშრომებში ჩამოყალიბებული თვალსაზრისით, ეტრუსკული წინაბერძნულ ენობრივ სამყაროს განეკუთვნება და მისი ფორმირება ამგვარად უნდა მომხდარიყო: კავკასიური, უპირატესად ქართველური, ტომების ერთი ნაწილის მიგრაციის შემდეგ (ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნა) ეგეიდა-ანატოლიის რეგიონში ეგეოსური სუბსტრატის ბაზაზე უნდა წარმოქმნილიყო ქართველურის მონათესავე მინოსური დას. ანატოლიურ-პელასგურ ენათა ჯგუფი. მისი თანდათანობითი დიფერენციაციის შედეგად ძვ. წ. XX ს-იდან მოყოლებული მიმდინარეობდა წინაბერძნულ, წინაიტალიურ ენათა მთელი წყების ჩამოყალიბების პროცესი. დაახლოებით ძვ. წ. XIII–XII სს. შორის ე. წ. დარდანიული (ტროული) ენიდან წარმოიქმნა ტირსენიული, ხოლო ეტრუსკულ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა იტალიაში გადანაცვლების შემდგომ – ეტრუსკული. აქედან გამომდინარე, ეტრუსკულის ქართველურთან მიმართებას აქვს სისტემური ხასიათი და ენათა შეპირისპირების ყველა დონეზე ვლინდება როგორც გრამატ. სტრუქტურაში (ფონოლოგია, მორფოლოგია და ა. შ.), ასევე ლექსიკაშიც.
ლიტ.: ავალიანი ე., ეტრუსკოლოგიის ნარკვევები, თბ., 2005; კობახიძე ე., ეტრუსკული საკულტო ტერმინოლოგია (სემანტიკა, გენეზისი), თბ., 1994; მისივე, ეტრუსკები ანტიკურ ლიტერატურაში, თბ., 2007; B e e k e s R., The Origin of the Etruscans, Amsterdam, 2003; B e e k e s R., V a n de M e e r L. B., De Etrusken Spreken, Muiderberg, Coutinho, 1991; B o n f a n t e G., B o n f a n t e L., The Etruscan Language: an Introduction, Manchester, 2000; Etruscan Life and Afterlife: A Handbook of Etruscan Studies, ed. L. Bonfante, Detroit, 1986; P a l l o t t i n o M., Etruscologia, Milano, 1973; P f i f f i g A., Die etruskische Sprache. Versuch einer Gesamtdarstellung, Graz, 1969; P f i f f i g A. J., Einführung in die Etruskologie. Probleme, Methoden, Ergebnisse, Darmstadt, 1972; P i t t a u M., La Lingua Etrusca. Grammatica e lessico, Nuoro, 1997; R i x H., Etruskische Texte, Bd. 1–2, Tübingen, 1991; S t e i n b a u e r D., Neues Handbuch des Etruskischen. Scripta Mercaturae, 1999; W a l l a c e R. E., Zikh Rasna: a Manual of the Etruscan Language and Inscriptions, Beech Stave Press, , 2008.
რ. გორდეზიანი