ეფრემ ასური

ეფრემ ასური (306 – 9. VI. 373), სირიელი მწერალი, ასკეტურ-მისტიკური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტ. აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში. დაიბადა ქ. ნისიბინში, წარმართთა ოჯახში, ჭაბუკობის ასაკში მიიღო ქრისტიანობა. როდესაც ნისიბინი სპარსელთა ხელში გადავიდა, იძულებული გახდა დაეტოვებინა (363) მშობლიური ქალაქი. 365 ედესაში დასახლდა. ე. ა-ის ლიტ. მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ პროზაულ და პოეტურ თხზულებას. მას ეკუთვნის ბიბლ. ტექსტების კომენტარები, თეოლ. პოლემიკა, დიდაქტ. ხასიათის ჰომილიები, აპოკრიფები, საღვთისმეტყველო და ისტ. თემებზე შექმნილი ჰიმნები. აღსანიშნავია მისი ჰიმნები ნისიბინზე „Carmina Nisibina” (პირველი ოცი ჰიმნი დაწერილია ნისიბინში 350–363, დანარჩენი 52 – ედესაში 363–373). სირიულ პოეზიაში მის მიერ უნდა იყოს შეტანილი მადრაშის (სასიმღერო ლექსები) ერთ-ერთი სახეობა „სოღითა” და ლექსის შვიდმარცვლიანი ზომა. პროზაული თხზულებებიდან მნიშვნელოვანია ქრისტ. აღმოსავლეთში გავრცელებული „სახარების” ტექსტის – „დიატესარონეს” – კომენტარები. ე. ა-ის თხზულებათა დიდი ნაწილი ადრინდ. თარგმანების სახით არის შემონახული ბერძნ., სომხ., კოპტურ და ეთიოპიურ ენებზე. სირიულ ენაზე ზოგიერთი თხზულება დაცულია სირიელი ბერის სევერუსის კრებულში „Catena Patrum”, აგრეთვე უფრო გვიანდელ სირიელ ავტორებთან. საქართველოში ე. ა-ის თხზულებანი ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ VIII–IX სს-ში. ამ თხზულებებს სწავლობდნენ და თარგმნიდნენ. მათი ავტორი დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს კარგად ჩანს გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც”. 977 ოშკში გადაწერილი ე. ა-ის ქადაგებათა კრებული ცხადყოფს, რომ მისი თხზულებანი ქართულად ჯერ კიდევ X ს-მდე უთარგმნიათ. ე. ა-ის მთარგმნელთა შორის არიან ქართვ. მოღვაწეები ექვთიმე მთაწმიდელი და ეფრემ მცირე („სწავლანი”, „ასკეტიკონი”, „ლოცვები” და სხვ.).

თხზ.: Opera omnia, v. 1–6, Roma, ვ. 1–6, ღომა, 1732–46 (3 ტ. ბერძნ., 3 ტ. სირ., ლათ. თარგმანით).

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; a u m s t a r k  A., Geschichte der syrischen Literatur, B., 1968.

კ. წერეთელი