ეფრემ მცირე

ეფრემ მცირე, XI ს. II ნახევრის სასულიერო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი. 1091 აირჩიეს კასტანის მონასტრის წინამძღვრად შავი მთის ქართ. კოლონიაში. სავარაუდოდ იქვე გარდაიცვალა. რუის-ურბნისის საეკლ. კრების (1104) აქტები მას უკვე მიცვალებულთა შორის იხსენიებს. შავი მთის ქართველმა მოღვაწეებმა, რ-ებიც ქართ. მწერლობის განვითარების საქმეს ემსახურებოდნენ, სათანადოდ გამოიყენეს ე. მ-ის ნიჭი, დიდი განსწავლულობა და ბერძნ. წიგნების თარგმნა მიანდეს. ე. მ. განსაკუთრებული მოვლენაა ქართ. მწერლობის ისტორიაში ღრმა განსწავლულობითა და ბერძნ. მწერლობის საფუძვლიანი ცოდნით. მთარგმნელობითი მოღვაწეობის დასაწყისში ე. მ. წინამორბედ ქართვ. მთარგმნელთა, განსაკუთრებით კი ათონელთა, მთარგმნელობითი პრინციპების („სიტყუა დართვითი თარგმანის”) მიმდევარი იყო და მათ მოწაფედ თვლიდა თავს. ხოლო შემდგომ თანდათან ჩამოაყალიბა საკუთარი მთარგმნელობითი კონცეფცია. ე. მ-მ სათავე დაუდო ელინოფილურ მიმართულებას ქართ. მწერლობაში. ელინოფილობამ, როგორც კულტ. ორიენტაციამ, მოიტანა ბიზანტ. სას. მწერლობის ზედმიწევნითი აღქმის მოთხოვნილება როგორც შინაარსობრივი (საღვთისმეტყველო), ისე ფორმის (ენობრივ-სტილისტური და ტერმინოლოგიური) კუთხით, რამაც, წინარე მთარგმნელობითი ტრადიციისაგან განსხვავებით, გამოიწვია ორიგინალის თითქმის ადეკვატური გადატანა თარგმანში; ამ ეპოქის ბიზანტ. მოღვაწეთათვის დამახასიათებელია საეკლ. ტექსტების მეცნ.-კრიტ. კვლევის მეთოდოლ. შემუშავება, ლიტ.-თეორ. აზროვნებისაკენ სწრაფვა, რიტორიკისა და გრამატიკისადმი ღრმა ინტერესი, კომენტატორული მოღვაწეობა, აგრეთვე ანტ. კულტ. მემკვიდრეობისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ე. მ-მ თარგმნა და ააგო ისეთი კრებულები, რ-ებიც შედგენილობით, სქოლიოებით – საღვთისმეტყველო, მითოლ., რიტორიკული, გრამატ., ლექსიკოგრაფიული და სხვ. ხასიათის კომენტარებითა და შენიშვნებით – კოლოფონებით (ანდერძებით), ზანდუკებით, მარგინალური ნიშნებით, პუნქტუაციით, მხატვრული გაფორმებით და ა. შ. საუკეთესო ბიზანტ. კრებულების ტოლფასია და ზოგჯერ აღემატება კიდეც მათ თავისი სისრულით. ამ კრებულებით ე. მ-მ მაქს. ინფორმაცია მიაწოდა თანამემამულეთ ბიზანტ. საეკლ. მწერლობის შესახებ. ე. მ-მ პირველმა მოიყვანა სისტემაში თეოლ. ტერმინოლოგია, შეიმუშავა მწიგნობრული, პალეოგრაფიული, გრამატ. სალექსთწყობო ტერმინოლოგია, რაც დღესაც გამოიყენება. ე. მ. არის ლექსთწყობისა და, ზოგადად, ლიტ-რის პირველი თეორეტიკოსი საქართველოში. მანვე ჩამოაყალიბა სტილური, პოეტიკური თეორია და სხვადასხვა ლიტ.-თეორ. შეხედულებები. ე. მ. პირველი ქართ. ლექსიკონის ავტორია (ფსალმუნთა განმარტების სახისმეტყველებითი ლექსიკონი). ე. მ-მ თარგმნა თხზულებანი სას. მწერლობის თითქმის ყველა დარგიდან. მას ეკუთვნის სამოციქულოს ახ. რედაქცია, კირილე ალექსანდრიელის მიერ შედგენილი კატენური კრებული სამოციქულოს თარგმანებისა, შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითნის კატენებისა; უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის 19 აპორეტული (არალიტურგიკული) საკითხავი, ბასილი კესარიელისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელი) ეპისტოლეები, იოანე დამასკელის „გარდამოცემა”, ბასილი კესარიელის, ეფრემ ასურის, კასიანე ჰრომაელის, პალადიოს ელენოპოლელის, თეოდორიტე კვირელის ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებანი, არეოპაგიტული კორპუსი მაქსიმე აღმსარებლისა და გერმანე პატრიარქის სახელით ცნობილი კომენტარებით, გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 სადღესასწაულო სიტყვა ბასილი მინიმუსის კომენტარებით (ხელმეორედ თარგმნილი ექვთიმე ათონელის შემდეგ ახ. მთარგმნელობითი პრინციპით), სხვადასხვა ავტორის მეტაფრასული ცხოვრებანი, ჰომილეტიკური თხზულებანი. დიდია ე. მ-ის ღვაწლი ლიტურგიკულ თუ არალიტურგიკულ თარგმანსა და ორიგინ. ჰიმნოგრაფიაში (მარხვანის ციკლი). ძირითადად ე. მ-მ დაუდო სათავე ქართ. ორიგინ. თუ ნათარგმნ არალიტურგიკულ ჰიმნოგრაფიას, რ-იც გაგრძელდა გელათის სკოლაში (გრიგოლ ღვთისმეტყველის „ასეული იამბიკო”, აგრეთვე ორიგინ. იამბიკური თუ 16-მარცვლიანი შესხმები და სხვ.). ე. მ-ის ორიგინ. ისტ.-ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „უწყებაჲ” სხვადასხვა წყაროდან შეკრებილია ცნობები ქართველთა მოქცევის შესახებ. მისი მიზანი იყო ქართ. ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვა. ორიგინალურად ითვლება ე. მ-ის კოლოფონები, ზოგიერთი კომენტარი და შენიშვნა, რ-თა ისტ.-ბიბლიოგრ. და ლიტ. მნიშვნელობა ძალზე დიდია. ჩვენამდე მოაღწია ე. მ-ის ერთმა ავტოგრაფულმა ნუსხამ (შ–1276, XI ს. მიწურული) – ჰომილეტიკურმა კრებულმა, რ-იც უმეტესად საკუთრივ მისეული თარგმანების კრებულია. მასზე ჩანს ტექსტზე მუშაობის ეფრემისეული მეთოდი, კომენტირებისა და რედაქტირების პრინციპები. ე. მ-ის დამსახურებაა შუა საუკუნეების ქართ. ფილოს. აზროვნებაში არეოპაგიტული მოძღვრების (იხ. არეოპაგიტიკა) შემოტანა. მის მიერ თარგმნილმა არეოპაგიტულმა კორპუსმა და კომენტარებმა გააღრმავა ინტერესი არეოპაგიტული მოძღვრების ანტ. წყაროების, კერძოდ, პროკლეს მოძღვრებისადმი. იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს” ეფრემისეული თარგმანისა და შენიშვნების მიხედვით კი – ელინური განათლება, გარეშე სიბრძნე, კლასიკური ტრივიუმი და კვადრიუმი ღვთისმეტყველებას უნდა ემსახურებოდეს, რათა „მათითავე ისრითა” განიგმიროს გარეშე (წარმართული, ანტ.) ფილოსოფია. ე. მ-ის მოღვაწეობის მიმართულებები გააგრძელეს არსენ იყალთოელმა და ე. წ. პეტრიწული, ანუ გელათური სკოლის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით იოანე პეტრიწმა. ამ სკოლაში გაგრძელდა ე. მ-ის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო და ფილოს. ლიტ-რის თარგმნა და კომენტირება, ბიზანტ. რიტორიკის სხვადასხვა საკითხებზე ლიტ.-თეორ. შეხედულებათა ჩამოყალიბება. არეოპაგიტიკამ და იოანე პეტრიწის ფილოს. შეხედულებებმა ნიადაგი მოუმზადა რუსთაველის მსოფლმხედველობას და, გარკვეულწილად, მის ლიტ.-თეორ. შეხედულებებს. ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ღირსი ეფრემ მცირე უწოდა. მისი ხსენების დღეა 18 (31) იანვარი.

თხზ.: მოსაჴსენებელი მცირე სჳმეონისთჳს ლოღოთეტისა [და] თხრობაჲ მიზეზთა ამათ საკითხავთა თარგმანისათა, წგ.: კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957; უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცეჳსასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჵსენების, თ. ბრეგაძის გამოც., თბ., 1959; შანიძე მ., შესავალი ეფრემ მცირის ფსალმუნთა თარგმანებისა (ტექსტი და შენიშვნები), თბ., 1968 (თსუ. ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 11).

ლიტ.: ბეზარაშვილი ქ., ეფრემ მცირე, ელინოფილები და ბერძნულ-ქართული ლექსთწყობის საკითხები, კრ.: ფილოლოგიური ძიებანი, [ტ.] 2, თბ., 1995; ბრეგაძე თ., ეფრემ მცირის მიერ ნათარგმნი ძეგლები, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 1, თბ., 1971; თვალთვაძე დ., ეფრემ მცირის ერთი უცნობი ანდერძი, თბ., 1988 (თსუ. ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 27); კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ., 1960; მეტრეველი ე., ეფრემ მცირის ავტოგრაფი, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1969, [ტ.] 1; ოთხმეზური თ., ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თბ., 1989; სარჯველაძე ზ., ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ., 1984; სირაძე რ., ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბ., 1975.

ვ. ბააკაშვილი

ქ. ბეზარაშვილი