ზურაბიშვილები

ზურაბიშვილები, ფეოდალური საგვარეულო ქართლში. XVII ს. შუა წლებში ქართლის მეწინავე სომხით-საბარათიანოს სადროშოს სარდალი ზ. ბარათაშვილი გამოეყო სახლიკაცებს და ცალკე სათავადო – საზურაბიშვილო ჩამოაყალიბა. XVIII ს. დასაწყისისათვის ზ. 100-მდე კომლს ფლობდნენ. მამულები უმთავრესად დმანისისა და ქციის ხეობაში ჰქონდათ, რეზიდენცია, სასახლითა და ეკლესია-მონასტრით – კაზრეთის ხეობაში. ზ-ს ქართლის სამეფო კარზე სუფრაჯის, მორდლის, ბოქაულთუხუცესის თანამდებობანი ეპყრათ. XVIII ს. დასასრულს მათი მამული გააჩანაგა და ააოხრა ლეკთა გამუდმებულმა თარეშმა.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.

გ. აკოფაშვილი