ექვთიმე (ერისკაცობაში – ესტატე სოლომონის ძე კერესელიძე) (1865, სოფ. სადმელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 1944, ზედაზნის მონასტერი, მცხეთის მუნიციპალიტეტი), ზედაზნის მონასტრის იღუმენი. XIX ს. 80-იან წლებში ე-ს თაოსნობით თბილისში დაარსდა უფასო “„საღმრთო წიგნთ-საკითხავი”, რ-ის მიზანი იყო ძვ. ქართ. საეკლ. გალობის შესწავლა და გავრცელება. 1912 ბერად აღიკვეცა გელათში. 1917 ხელდასმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1921 ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. 1925 განაწესეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ფარულად გადმოიტანა და გადამალა საეკლ. გალობის იშვიათი ხელნაწერები. სვეტიცხოველში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს და ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადმოიტანა. 1929 ე. ზედაზნის მონასტერში განაწესეს, სადაც რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული ქართ. საგალობლების ხელნაწერები მიწაში დაფლა. 1935 ე-მ სახელმწ. მუზეუმს გადასცა 5532 საგალობლის ხელნაწერი და სას. შინაარსის 34 სანოტო კრებული. დაკრძალულია ზედაზნის მონასტერში. 2003 საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენი ე. ქართ. საეკლ. საგალობლების გადარჩენისათვის წმინდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა. მისი ხსენების დღეა 20 იანვარი (ახ. სტ. 2 თებერვალი).
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003.
თ. მარგველაშვილი