ზურაბიშვილი ილია ელეფთერის ძე (18. III. 1872, ყვარელი, – 29. III. 1955, თბილისი), მწერალი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა სოფ. საცხენისის ორკლასიანი სასწავლებელი. ოჯახიდან მოსდგამდა ხელოვნების სიყვარული და ცოდნა; საფუძვლიანად შეისწავლა ქართ. ლიტ-რა, თეატრ. ხელოვნება. 1893 გაიწვიეს მეფის ჯარში, სადაც 1894 დაწერა პირველი ავტობიოგრაფიული ხასიათის მოთხრობა „გაროზგილი” – 1905 დაიბეჭდა „ივერიის ბიბლიოთეკაში” (ცალკე წიგნად გამოიცა 1953). ამავე წელს „კვალში” დაიბეჭდა მისი ვრცელი მოთხრობა „სამშობლოს მსხვერპლი”. 1896 ზ. საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, მუშაობდა საოლქო სასამართლოში თარჯიმნად. 1903 აირჩიეს თბილ. გუბერნიის საკრებულოს მდივნად. ი. ჭავჭავაძემ ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა მწერალს და სისტემატურად უბეჭდავდა მოთხრობებს, ესკიზებს, ფილოს. ნოველებსა და თეატრ. რეცენზიებს (აღსანიშნავია, რომ მისი 39 მოთხრობიდან „ივერიაში” დაიბეჭდა 32, მ. შ.: „შენმა სულმა ზღოს”, 1894; „დიდება ხელოვნებას”, 1895; „ღუღუნი”, 1895; „განთიადი, განთიადი!”, 1902; „ტალღა”, 1905 და სხვ.). ხშირად ბეჭდავდა ფსევდონიმებით: ილია ელეფთერიძე, ინზენი და ილო. მოთხრობა „ტურიკო, მგელია და თოლია” 1905 გამოქვეყნდა „ივერიის ბიბლიოთეკაში”, ხოლო 1926 გამოიცა ცალკე წიგნად სახელწოდებით „ორი მონადირე”. ამ მოთხრობის საფუძველზე გადაღებულია კინოფილმი. ზ-მა შექმნა ქართვ. მსახიობთა შთამბეჭდავი პორტრეტები, დაგვიტოვა მოგონებები ქართვ. მწერლებზე: „მოგონება ილია ჭავჭავაძეზე” (გამოქვეყნდა 1939), „მოგონება აკაკი წერეთელზე” (1942), ნიკო ლორთქიფანიძეზე – „რაინდი უშიშარი და უმწიკვლო” (1945) და სხვ. აღსანიშნავია ზ-ის მოღვაწეობა მუსიკათმცოდნეობის დარგში. მას ეკუთვნის გამოკვლევები: „კახური „მრავალჟამიერი”, „ურმული”, „ცეკვა ქართული” (წიგნში – „ხალხის შემოქმედი გენია”, 1949); მონოგრაფიული ნაშრომები: „ვანო სარაჯიშვილი” (1939), „ნიკო ქუმსიაშვილი” (1940), «ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი”» (1941). ამ ნაშრომებით ზ-მა ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ქართ. სამუსიკო კრიტიკას, როგორც ქართ. მუსიკათმცოდნეობის დარგს. იგი, ამასთანავე, თარგმნიდა რუს. და ევრ. კლასიკოსებს. იყო უნ-ტის დაარსების საკითხების მოსაგვარებელი დამფუძნებელი საზ-ბის წევრი.
თხზ.: თეატრალური პორტრეტები, ნარკვევები მუსიკაზე, თბ., 1972; მოთხრობები. მოგონებები, თბ., 1977.
ლიტ.: სიგუა ა., ქართული ხელოვნების მოღვაწენი, თბ., 1985; მისივე, ილია ზურაბიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1989.
ნ. ალანია
ვ. წოწელია