ზურგა, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ბორცვი სოფ. ქვემო ჭალადიდში (ხობის მუნიციპალიტეტი), მდ. რიონის მარჯვ. სანაპიროდან (ჩრდ-ით) 1,5 კმ-ზე. საერთო ფართობი 1800 მ², ზ. დ. 5,03 მ. ამჟამად ბორცვზე თანამედროვე სამოსახლოებია. 1962 ჩატარდა ნაწილობრივი არქეოლ. გათხრები (ხელმძღვ. თ. მიქელაძე). დადასტურდა 3 კულტ. ფენა. ქვედა ფენაში (რადიოკარბონული მეთოდით აბსოლ. თარიღი ძვ. წ. XVI–XV სს.) გამოვლინდა ხის გადამწვარი ნაგებობების ნაშთები. იატაკი საგანგებოდ დატკეპნილი თიხნარის იყო. იქვეა ფიქსირებული ხის დანახშირებული ძელი. ნაპოვნია მეტწილად შავად და მოვარდისფროდ გამომწვარი საშუალო და მცირე ზომის ჭურჭლის ფრაგმენტები. შავი ფერის ჭურჭელი უფრო მრავალფეროვანი (ფრინველის მკერდისებურყურიანი, ზოომორფულყურიანი, პირმოყრილი ტოლჩები, თასები, პირმოყრილი და პირგადაშლილი თასები, ტოლჩები, ქოთნები, ქილები) და თითქმის ყველა ორნამენტირებულია (ღაროვანი, წერტილოვანი კონცენტრული, ზოლურ-ლენტური და სხვ.). ამავე ფენაში აღმოჩენილია ლითონის ნივთის ჩამოსასხმელი ყალიბის ცალი საგდული და ქვის ხელსაფქვავის ფრაგმენტები, კვირისტავი და ძვლის საპრიალებელი. მომდევნო შუა ფენა განეკუთვნება გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრინდ. ეტაპს (თ. მიქელაძის პერიოდიზაციით). შუა ფენა წარმოადგენს ყვითელი ფერის წმინდა თიხნარს, რ-შიც აღმოჩენილია მრავალფეროვანი მასალა. ჭარბობს მოვარდისფროდ გამომწვარი ჭურჭელი. ჩნდება ჭურჭლის ახ. ფორმებიც. თუმცა ქვედა ფენის ფორმები პრინციპულად შენარჩუნებულია, ორნამენტი ოდნავ შეცვლილია და კომპოზიციურად გამარტივებული. ამავე ფენაში აღმოჩნდა ქვის დაკბილული შტამპი, რითაც თიხის ჭურჭელზე ორნამენტი გადაჰქონდათ, აგრეთვე ნამგლის კაჟის ჩასართები. ზედა ფენა (ძვ. წ. VIII–VII სს. ანუ ძველკოლხური II პერიოდი) ქვიშანარევ ყვითელ თიხნარს წარმოადგენდა. მასში გამოვლინდა წითლად გადამწვარი ბათქაშის შრე და თიხის სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხები. ზედა ფენა უფრო ღარიბულ მასალას შეიცავდა, მაგრამ მასში შეიმჩნევა ორივე წინამორბედი ფენის ჭურჭლის ფორმებთან დაკავშირებული ტენდენციები. სამივე ფენის ძირითადი ნივთიერი მასალა (კერამიკა) ერთმანეთთან გენეტ. კავშირშია და ევოლუციას განიცდის. ზ. ცენტრ. კოლხეთისათვის დამახასიათებელი ტიპური ძეგლია. წამყვან სამეურნეო დარგებს აქ განვითარებული მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენდა.
ლიტ.: მიქელაძე თ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება რიონის ქვემო წელზე, თბ., 1978; მისივე, ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ.წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974.
ე. გოგაძე