ზურტაკეტის ხეობის გამოქვაბულები, ხუროთმოძღვრებისა და არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლში მდინარე ხრამის მარჯვ. შენაკადის – შავწყაროსწყლის (ისტორიული ზურტაკეტი) ხეობაში (დმანისის მუნიციპალიტეტი). აქ მრავალი ხელოვნური გამოქვაბულია. განსაკუთრებით საინტერესოა სოფ. გომარეთისა და ახას მიდამოების გამოქვაბულთა კომპლექსები. I კომპლექსი ხეობის მარცხ. ციცაბო კალთაზე 4 იარუსად განლაგებულ 40-მდე გამოქვაბულისაგან შედგება, ხოლო მისი მოპირდაპირე II კომპლექსი 2 იარუსად განლაგებულ 20-მდე ძლიერ დაზიანებულ გამოქვაბულს მოიცავს. ქვემოთ, დაახლ. 1 კმ-ზე, ხეობის ერთმანეთის მოპირდაპირე კალთებზე გამოკვეთილია 3 იარუსად განლაგებული III (25 გამოქვაბული) და IV (35 გამოქვაბული) კომპლექსები. ამის ქვემოთ, დაახლ. 2 კმ-ზე 10-მდე გამოქვაბულის ჯგუფია გამოკვეთილი. ასიმეტრიული, გეომ. ფორმის გამოქვაბულები გამონგრეულია ბაზალტის ქანებში რკინის იარაღის დაუხმარებლად. შუა საუკუნეებში დაზიანებული კომპლექსები აღუდგენიათ – გვხვდება ქვითკირის ზღუდეები, ნახევარწრიული და სწორკუთხა გეგმის კოშკები და სხვ. I კომპლექსის IV იარუსის ცენტრ. ნაწილში რამდენიმე დაზიანებული ქვაბული წინიდან ქვითკირის კედლით მოუზღუდავთ და ერთნავიანი, ბრტყელაფსიდიანი ეკლესია აუგიათ. 1987–88 ჩატარდა არქეოლ. გათხრები (ხელმძღვ. ნ. ბახტაძე). გამოქვაბულთა იატაკები მოლესილი ან თიხატკეპნილი იყო. ზედა ფენებში აღმოჩნდა XI–XIV სს. საქართველოში გავრცელებული წერნაქით მოხატული და მოუხატავი, ორნამენტირებული და სადა თიხის ნაწარმის (ჯამები, დოქები, ქოთნები, დერგები, თონეები, კერები) ნატეხები, იმავე ფენებში აღმოჩნდა ლითონის, ხის, ძვლის და სხვ. მასალის ნაკეთობანი (ხელსაფქვავები, კოვზები, სავარცხელი, კვირისტავები, ქსოვილის ფრაგმენტები და სხვ.), აგრეთვე რუსუდანისა და ყაანური XIII–XIV სს. სპილენძისა და ვერცხლის მონეტები. არქეოლ. შესწავლით ჩანს, რომ XI–XIV სს. ამ მიდამოებში კლდეში ნაკვეთი სოფლები იყო, სადაც აღნიშნული საფორტიფიკაციო ნაგებობანი მოსახლეობისა და დაწინაურებული ფენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ზოგიერთი გამოქვაბულის ფეოდ. ხანის იატაკის ღრმულებში, გამოვლინდა ხრამის ხეობის გამოქვაბული კომპლექსებისთვის დამახასიათებელი გვიანდ., შუა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანის თიხის ნაწარმის ფრაგმენტები. ჩანს, ეს მიდამოები, ძირითადად, ადრეულ ხანაში ყოფილა ათვისებული. არქეოლ. მასალა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.
ლიტ.: ბახტაძე ნ., ქვემო ქართლის კლდის ძეგლები, თბ., 1991.
ნ. ბახტაძე