ზუტნერი (Suttner) არტურ გუნდაკარ ფონ (21. II. 1850–10. XII. 1902), ავსტრიელი მწერალი; მეუღლესთან ბ. ფონ ზუტნერთან ერთად ცხრა წელი (1876–85) ცხოვრობდა საქართველოში. თითქმის მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა საქართველოსა და კავკასიის თემას; საყურადღებოა მისი რომანები „დარეჯანი” (მეორე გამოც. 1896, პირველი არ არის მიკვლეული), „აზნაური” (1886), „შამილი”, „აჭარლები” (ორივე 1890), „ჩერქეზები” (1898). XIX ს. II ნახ. საქართველო საინტერესოდაა წარმოსახული მოთხრობების კრებულში „კავკასიის შვილები” (2 წიგნად, 1890–91). ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი დიდად დაინტერესებულა „ვეფხისტყაოსნით” (თარგმნეს გერმ. და ფრანგ. ენებზე, თარგმანი არ არის მიკვლეული); თარგმნის დაწყებამდე, 1884, ზ-ს გაზ. „კავკაზის” რამდენიმე ნომერში გამოუქვეყნებია საინტერესო წერილები, რ-ებიც იმავე წელს „ივერიამაც” დაბეჭდა სათაურით «უცხოელის აზრი „ვეფხისტყაოსანზე”. პოემის გადათარგმნის გამო ფრანსიულს ენაზე». ეს იყო უცხოელი ავტორის ერთ-ერთი პირველი ნაშრომი რუსთაველის შესახებ.
ლიტ.: კაკაბაძე ნ., რუხაძე ნ., კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში, თბ., 1963; კახნიაშვილი ვ., კოლხ მედეადან თანამედროვე საქართველომდე, თბ., 1984.
ნ. კაკაბაძე