ზუტნერი (Suttner) ბერტა ფონ (ქალიშვილობაში – გრაფინია კინსკი, Kinsky) (9.VI.1843, პრაღა, – 21.VI.1914, ვენა), ავსტრიელი მწერალი ქალი. ევროპაში სახელი გაითქვა პაციფისტური რომანით „ძირს იარაღი!” (1889). 1905 მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. 1876–85 მეუღლესთან, ა. ზუტნერთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან, რ-საც ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას დაუახლოვდა. ზ-ის ლიტ. მემკვიდრეობა შეიცავს ბელეტრისტულ, პუბლიც., კრიტ. და ისტ. ხასიათის ნარკვევებს. მისი წიგნი „მემუარები” (1909), რ-შიც ვრცელი თავი მთლიანად ეძღვნება საქართველოს, ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარს, ბერტა ზ-ის ცნობით, უთარგმნიათ „ვეფხისტყაოსანი” გერმ. და ფრანგ. ენებზე, მაგრამ ხელნაწერი მიუკვლეველია. სავარაუდოა, რომ ინახება მათ არქივში.
თხზ.: ქართველებთან და საქართველოში, ნ. კაკაბაძის თარგმანი და გამოც., თბ., 1999.
ლიტ.: კაკაბაძე ნ., რუხაძე ნ., ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებები საქართველოზე, «ცისკარი», 1962, №5; მათივე, კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში, თბ., 1963.
ნ. კაკაბაძე