ზღაპარი

ზღაპარი, ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი; ეპიკური, უმეტესად პროზაული სახის ჯადოსნური, სათავგადასავლო ან ყოფითი ხასიათის მოთხრობა, რ-საც საფუძვლად უდევს მხატვრული გამონაგონი. ზღაპრული ეპოსის ნაწარმოებები სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი, ესენია: ზ. ცხოველთა შესახებ, ჯადოსნური და ნოველისტური ზ-ები. ზ-ის საწყისი ფორმაა მოკლე მოთხრობა. მითისგან განსხვავებით ის მოგვითხრობს არა ბუნების ძალებზე, არამედ ცალკეულ ადამიანზე, გმირზე, გადმოგვცემს მის ინდივიდ. კონფლიქტს ბუნების განმასახიერებელ ძალებთან ან სოც. გარემოსთან. თუმცა, თავდაპირველად ზ. გამსჭვალული იყო მითოლ. რწმენა-წარმოდგენებით, ადამიანთა ურთიერთობის გამოსახატავად ის ხშირად მითოსის სახეებსა და მეტაფორებს მიმართავდა. დროთა ვითარებაში ზ-ს გარკვეული ზეპირი ტრადიციით შეპირობებული სტილისტურ-კომპოზ. თავისებურებანი ჩამოუყალიბდა (გალექსილი საწყისი და დაბოლოება, სამმაგობა, ტრად. ფორმულები და სხვ.). ცხოველთა ეპოსი უძველესია პროზაულ ჟანრებს შორის. მასში ვხვდებით არქ. ტოტემურ წარმოდგენებს, იგავ-არაკის საპირისპიროდ. ცხოველები აქ ადამიანის ალეგორიას არ წარმოადგენენ – ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ბუნებას შორის. ქართ. ფოლკლორში ფიქსირებულია ამგვარი ზ-ის 90-მდე სიუჟეტი. ჯადოსნური ზ. გვაროვნული წყობილების დაშლასა და კლასობრივი საზ-ბის ჩამოყალიბების ხანას უკავშირდება, მაგრამ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების, სოც. უთანასწორობის ამსახველ თემატიკას ამ საფეხურზე ჯერ კიდევ ერწყმის ტოტემური თუ მითოლ. წარმოდგენები. ქართ. ჯადოსნური ზ-ის პერსონაჟები არიან: მზეთუნახავი, დევი, ქაჯი, გველეშაპი, მინდორთბატონი ქალი, ავი ბებერი და მისთანები. ჯადოსნური ზღაპრისათვის დამახასიათებელია მკვეთრად განსაზღვრული სამმაგობის პრინციპი. ამ ტიპის ზ-ში ბოროტს მუდამ სძლევს კეთილი, დაჩაგრული საბოლოოდ გამარჯვებული რჩება. ზ. ასახავს ადამიანის მარადიულ ოცნებას ბედნიერ მყოფადზე. მორალისტურ, ანუ ლეგენდურ, ზ-ში ჯადოსნური ელემენტების ადგილს ქრისტ. ელემენტები იჭერს. ნოველისტური ზ-ის გმირი თანდათან მეტ ინდივიდ. ნიშნებს იძენს, მძაფრდება სოც. მოტივები და რეალისტური ელემენტები. ჩნდება ახ. პერსონაჟები: ვაჭარი, ნოქარი, გენერალი, ჯარისკაცი, მინისტრი; იცვლება ზ-ის ფორმა. ის უფრო ლაკონიური, სადა ხდება, უახლოვდება ჩვეულებრივ მოთხრობას. იქმნება ხალხ. ნოველის ჟანრი. აღსანიშნავია, რომ ზღაპრული ეპოსის სამივე ქვეჟანრის ნაწარმოებთა გმირებს შორის არსებობს საერთო გენეტ. ხაზი. ტერმ. „ზღაპარი” პირველად ბიბლიაში გვხვდება (VII ს. თარგმანი). ქართ. ზ-ის დღემდე ცნობილი უადრესი ჩანაწერი XVII ს. ეკუთვნის (ჩაიწერა ბერნარდე ნეაპოლელმა). სისტემ. შეკრება XIX ს. 50-იანი წლებიდან დაიწყო. ცალკე კრებულად პირველად ლ. აღნიაშვილმა გამოსცა (1890). ქართ. ზ-ები თარგმნილია რუს. (1884), ინგლ. (1894), გერმ. (1920), ჩეხურ (1949), უნგრულ (1958), იაპონურ (1973) და სხვ. ენებზე. ზ-ის საფუძველზე ან ამ ჟანრის გამოყენებით მრავალი მხატვრული ნაწარმოებია შექმნილი (ა. პუშკინის, ლ. ტოლსტოის, ჰ. კ. ანდერსენის, შ. პეროს, ო. უაილდის, ს.-ს. ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, კ. გამსახურდიას და სხვათა თხზულებანი).

გამოც.: ხალხური ზღაპრები, შეკრებილი ს. გაჩეჩილაძის მიერ სოფ. წევაში, ზემო იმერეთს, [ა. ა.], 1903; ხალხური ზღაპრები, კახეთსა და ფშავში შეკრებილი თედო რაზიკაშვილის მიერ, ტფ., 1909; ხალხური ზღაპრები, ქართლში შეკრებილი თედო რაზიკაშვილის მიერ, ტფ., 1909; ქართული ხალხური ზღაპრები, მ. ჩიქოვანის რედ., ტ. 1, თბ., 1938; რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები, ე. ვირსალაძის რედ. და წინასიტყვ., ტ. 1–2, თბ., 1949–58; ქართული ზღაპრები, ა. ღლონტის გამოც., თბ., 1974, გამოც. მე-2, თბ., 1987.

ლიტ.: ვირსალაძე ე., ზღაპარი, წგ.: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, ნაწ. 1, თბ., 1960; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975; ჩოლოყაშვილი რ., უძველეს რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში, თბ., 2004; Пропп В. Я., Морфология сказки, 2 изд., М., 1969.

ე. ვირსალაძე