ზღვის ბალახი, ზოსტერა (Zostera), ზღვის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზოსტერასებრთა ოჯახისა. წყალში ჩაყურყუმელავებული მხოხავფესურიანი მცენარეებია. 10-მდე სახეობა გავრცელებულია სუბტროპ., ზომიერ და სუბანტარქტიკულ ზღვებში. საქართველოში (აფხაზეთსა და აჭარაში) მხოლოდ 1 სახეობა გვხვდება – Z. marina; მისი ფესურა საკმაოდ მსხვილი და მარტივია; ღეროს სიგრძეა 60–150 სმ, ფოთლისა – 50 სმ და ხშირად უფრო მეტიც (1 მ-მდე). იზრდება ზღვაში, ქვიშიან და ლამიან ფსკერზე 10 მ სიღრმემდე, ადის აგრეთვე მდინარის დელტებში. მისი გამხმარი ფოთლები („ზღვის ბალახი”) იხმარება ლეიბის დასატენ და შესაფუთ მასალად, ზოგჯერ – სასუქად.