ზღვის დრაკონი (Trachinus), თევზების გვარი დრაკონისებრთა ოჯახისა, მოიცავს 4 სახეობას. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმ. ნაწილში და ხმელთაშუა ზღვაში. შავ ზღვაში ბინადრობს ერთი სახეობა – ზღვის დრაკონი (T. draco), რ-იც საქართვ. სანაპიროებთან ყველგანაა გავრცელებული. მისი სხეულის მაქსიმალური სიგრძე 53 სმ აღწევს. აქვს ძალიან გრძელი ზურგის მე-2 და კუდქვეშა ფარფლები. მტაცებელია, იკვებება წვრილი თევზებით, კრევეტებით და კიბორჩხალებით, მრავლდება ივნისიდან ოქტომბრამდე. ნაყოფიერება – 8700–7500 ქვირითი. შხამიანია (შხამიანი ჯირკვლები აქვს ფარფლების სხივების ფუძესთან). ხორცი გემრიელია. სიმცირის გამო მისი სამეურნეო მნიშვნელობა უმნიშვნელოა. იჭერენ სხვა თევზებთან ერთად.
მ. დემეტრაშვილი