ზღვის ზღარბები (Echinoidea), კანეკლიანების კლასი. ცნობილია პალეოზოური ერიდან მოყოლებული დღემდე. არჩევენ სწორ (ხუთსხივიან) და უსწორო (ორმხრივსიმეტრიულ) ზ. ზ-ს. მათი სხეული ოვალურია, დისკოსებრი, ზოგჯერ სფეროსებრი, ქვემოდან მეტ-ნაკლებად შებრტყელებული. ჯავშანი შედგება მრავალრიცხოვანი ფირფიტებისაგან, რ-ებიც კანითა და ეკლებითაა დაფარული. ზოგ ზ. ზ-ს აქვს გადმობრუნებული კონუსის ფორმის საღეჭი აპარატი (არისტოტელეს ფარანი), რითაც ცხოველი სუბსტრატიდან წყალმცენარეებს ფხეკს. დეტრიტით მკვებავებს საღეჭი აპარატი არ გააჩნიათ. ცხოვრობენ ფსკერზე, დაცოცავენ ან გრუნტში არიან ჩაფლული. ცნობილია 2 ათასამდე ამომწყდარი და 800-ზე მეტი თანამედროვე სახეობა. შავ ზღვაში განამარხებული სახით დიდი რაოდენობით გვხვდება პალეოზოურ, მეზოზოურ და კაინოზოურ ნალექებში. საქართველოში განსაკუთრებით ბევრია ცარცულ ნალექებში. შავ ზღვაში გავრცელებულია ზღვის ზღარბი – ზღვის ჩიქვი (Scorpaena porcus), თევზი ზღვის სკორპენების ოჯახს მიეკუთვნება. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, დიდი თავი, რ-ზედაც კანოვანი გამონაზარდებია. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს, ჩვეულებრივ უფრო პატარებია. ბინადრობს ქვიან ადგილებში. ქვირითს ყრის ორჯერ, მაისიდან სექტემბრამდე. ნაყოფიერება – 2000–180 000 ქვირითი. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში. საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპირო ზოლში. მტაცებელი თევზია. ცხოვრობს ფსკერზე, ნაკლებად მოძრავია, ადვილად იღებს გარემოს ფერს. იკვებება წვრილი თევზებით. მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. ზ. ჩ-ის ხორცი გემრიელია, იყენებენ ნედლი სახით.
მ. დემეტრაშვილი
გ. მჭედლიძე