ზღვის მელა, ქიცვიანი სკაროსი (Raja clavata), თევზი სკაროსისებრთა ოჯახისა. რომბისებრი სხეული ზურგ-მუცლის მიმართულებით აქვს გაბრტყელებული. თავიდან ზურგის მე-2 ფარფლამდე 24–32 მსხვილი ქიცვების მწკრივი გასდევს. ზურგის მხარე მოყვითალოა, უმეტესად თეთრი ლაქებით; მუცლის მხარე ღია ფერისაა. მამლის სიგრძეა 85 სმ, დედლისა – 125 სმ-მდე, მასა 18 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ბალტიის, ხმელთაშუა და შავ ზღვებში. შავი ზღვის საქართვ. სანაპიროებთან თითქმის ყველგანაა; ბინადრობს 100 მ სიღრმეზე, ზღვის ფსკერზე. იკვებება თევზით და უხერხემლოებით. ხშირად ჩაფლულია შლამში, მრავლდება მარტიდან ივლისამდე, ნაყოფიერება 30–550 კვერცხამდეა. კვერცხი რქოვანი გარსითაა დაფარული. აქვს სარეწაო მნიშვნელობა. შავ ზღვაში იჭერენ დიდი რაოდენობით, საქართველოში – ანაკლიის, ფოთის, ბათუმის, ბიჭვინთის სანაპიროებთან. იყენებენ ხორცს, ღვიძლისგან ადნობენ ტექ. ცხიმს.
მ. დემეტრაშვილი