ზღვის ფინია

ზღვის ფინია, სფინქსი (Blennius sphinx) თევზი ფინიასებრთა ოჯახისა. პატარა თევზია, 6–7 სმ-მდე სიგრძისა. სხეულის გვერდებზე გასდევს 6–7 განივი მურა ზოლი. გავრცელებულია ხმელთაშუა, მარმარილოს და შავ ზღვებში. შავი ზღვის საქართვ. სანაპირო ზონაში გვხვდება ყველგან, წყალმცენარეებით დაფარულ ქვიან ადგილებში. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, თევზის ქვირითით, ჭიებით, წყალმცენარეებით. აპრილიდან სექტემბრამდე ქვირითს ყრის ქვებზე, ლოკოკინის ცარიელ ნიჟარებში, ორმოებში, მამალი იცავს ქვირითიან ბუდეს. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

მ. დემეტრაშვილი