ეშერის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები სოფელ ეშერის (აფხაზეთის არ) ტერიტორიაზე და მის მიდამოებში. 1934 და 1957 წლებში გათხარეს ძვ. წ. III–II ათასწლ. დოლმენების ჯგუფი (ხელმძღვ. ბ. კუფტინი, ო. ჯაფარიძე), რ-ებშიც აღმოჩნდა კოლექტიური სამარხები (ერთ-ერთ დოლმენში 30 ჩონჩხი იყო). ნაპოვნია ბრინჯაოს ყუადაქანებული ცულები, სატევრები, კავები, თიხის ჭურჭელი, მძივები და სხვ. (იხ. აფხაზეთის დოლმენები). 1969 გაითხარა ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისის (ხელმძღვ. გ. შამბა) 2 კრომლეხი. თითოეული მათგანი შედგება ვერტიკალურად ჩასმული 25–100 სმ სიმაღლის ქვების ოთხ-ოთხი კონცენტრული რგოლისგან. კრომლეხების გარე რგოლის დიამეტრია 41 მ. მათ ცენტრში კოლექტიური სამარხები იყო. აღმოჩენილია ბრინჯაოს სატევრები, თიხის ჭურჭელი, მძივები და სხვა მასალა, რ-ებიც დოლმენებში აღმოჩენილი არქეოლ. მასალის მსგავსია. ე. წ. ვერეშჩაგინის გორაზე გაითხარა საქართველოში უძველესი ქვევრსამარხები. ქვევრები მიწაში ვერტიკალურად პირქვე იყო ჩასმული. შიგ ჩაწყობილი იყო მიცვალებულის ძვლები (მეორეული დაკრძალვა), ბრინჯაოს კოლხური ცულები, შუბისპირები, სატევრები, სარდიონის მძივები და სხვ. ანტ. ხანის ძეგლებიდან აღსანიშნავია ძვ. წ. I ათასწლ. II ნახ. ნაქალაქარი, რ-საც 3 ჰა ფართობი უკავია. გათხრილია საფორტიფიკაციო (კედლები-კოშკები) და საცხოვრებელი ნაგებობები, წყალსადენი, აგრეთვე სამაროვანი. აღმოჩნდა ძვ. ბერძნ. ნივთები (შავლაკიანი და წითელფიგურული კერამიკა, სინოპური დამღიანი კრამიტი, კოსის ამფორები და სხვ.).
ლიტ.: Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.] 2, Тб., 1950; Очерки истории Абхазской АССР, ч.1, Сух., 1960; Шамба Г. К., Эшерские кромлехи, Сух., 1974.
გ. შამბა