ეშტია

ეშტია, ეშტიო, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ჯავახეთის ზეგანზე. თემის ცენტრი (სოფლები: ე., თორია, უჯმანა, ყაურმა). ზ. დ. 1850 მ, ნინოწმინდიდან 12 კმ. 3,1 ათ. მცხ. (2002).

ე. ისტ. ჯავახეთის ერთ-ერთი ძვ. სოფელია. წყაროებში მოიხსენიება XVI ს-იდან, როდესაც თურქული ადმ. დანაწილების მიხედვით, ის ახალქალაქის ლივის აკშეჰირის რაიონში შედიოდა. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. საყდარი, რ-იც შუა საუკუნეების ქართ. ეკლესიის ადგილზე აუგიათ. მის კედლებშივე დაუყოლებიათ გვიანდელი შუა საუკუნეების ქართული საფლავის ქვები, რ-ებზედაც შერჩენილია სხვადასხვა გამოსახულება. ეკლესიის გალავნის შიგნით ძველი სასაფლაოა. XVI ს-ში ე-ში 12 კომლი ცხოვრობდა: გოგიჩა ძამანას ძე, მერაბ, თევდორი, ზარასფა, ყურუ გრიგოლის ძე, ლომკაც ავგაროზის ძე, გოგიჩა სარხოშის ძე და სხვ. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ფუტკარი, ღორი, ცხვარი. სოფელში ყოფილა 3 თვალი წისქვილი და ზეთსახდელი. ე-ს წლიური გადასახადი 21000 ახჩას შეადგენდა. XIX ს. 30-იან წლებში აქ თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოახალშენენი დასახლდნენ.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.

დ. ბერძენიშვილი