ეცერის გორანამოსახლარი

ეცერის გორანამოსახლარი, ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ფხუტრერში (ეცერის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი). სადაზვერვო გათხრები ჩატარდა 1975 (ხელმძღვ. შ. ჩართოლანი). გამოვლინდა ანტ. ხანის საცხოვრებელი, საკულტო, სამეურნ. და საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობათა ერთიანი კომპლექსი. საგანგებოდ მოსწორებულ მოედანს 3 მხარეს შემოუყვება 1 მ სიგანის ქვით ნაშენი გალავანი 2 კოშკით. გალავნის ქვემოთ, 15 მ დაცილებით, ციცაბო ფერდობს გასდევს 6 მ სიგანის თხრილი. მისი კედლები მიწის ადვილად შლად მონაკვეთებში ქვის მშრალი წყობის კედლებით ყოფილა გამაგრებული. საცხოვრ. და სამეურნ. ნაგებობანი განლაგებულია გორის თავზე და უმეტესად შიდა მხრიდან გალავანზეა მიშენებული. შიდა ეზოს ან ნაგებობებს შორის არსებული დერეფნების მხრიდან გაკეთებული იყო შესასვლელი კარი. გამონაკლისია მოედნის სამხრ.-დას. კუთხეში მოთავსებული სახაბაზო. ყველაზე თვალსაჩინო აღმ. მონაკვეთი საკულტო ნაგებობებისთვის იყო შერჩეული. შიდა ეზოს უკავია მოედნის ცენტრ. ნაწილი (დაახლ. 500 ²). მას საზ.-საკრებულო ადგილის ფუნქციაც ჰქონდა. ნაგებობათა კედლები დგას გრუნტზე, კლდეზე საგანგებოდ ამოჭრილ მტკიცე საფუძველზე. ყველა ნაგებობა აშენებულია წინასწარ შერჩეული სწორპირიანი ან ცალმხარეს ჩამოტეხვით მოსწორებული ქვისაგან (ფიქალი, ნაფლეთი ან რიყის). კედლის ორ რიგ ქვის წყობას შორის დარჩენილი არე თიხის ხსნარში არეული ღორღითაა შევსებული. ქვის ზოგიერთი ნაგებობის კედლები და ქვის საძირკველზე ამოყვანილი ხის ძელური თუ წნული კედლები თიხით ყოფილა შელესილი. საშენ მასალად ბზენარევი ალიზის კვადრებსაც იყენებდნენ. გამოვლენილია წვრილმარცვლოვანი თიხისაგან გამოძერწილი წრიული საკურთხევლები, სამსხვერპლო აბაზანები და მარცვლის შესანახი ხაროს ძირი. გათხრების შედეგად გამოვლენილია 4 სამშ. ფენის 31 სათავსი. სხვადასხვა დროს სამოსახლო მრავალგზის გადაუკეთებიათ. ქვედა ფენიდან ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი. შედარებით კარგად არის შემონახული ზედა ფენა (ძვ. წ. IV–III სს.). ე. გ-ზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ნივთიერი მასალა: სამეურნ., სამზარეულო და საკულტო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ქვის ხელსაფქვავები, რკინის სამიწათმოქმედო, საბრძოლო და სამეურნ. იარაღი, სამკაული, უძვ. მარცვლეული კულტურების ნაშთი (რბილი ხორბალი, ჭვავი, ფეტვი და სხვ.), პალეობოტან., შინაური და ნანადირევი ცხოველების დიდძალი ოსტეოლოგიური და სხვა ნივთიერი მასალა. ინახება საქართვ ეროვნ. მუზეუმის სვანეთის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში. აღმოჩენები მიუთითებს მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, რკინის მეტალ. და მეთუნეობის განვითარების დონეს. ე. გ-ით ვიღებთ ინფორმაციას ისტ. კოლხეთის მთიანეთის მოსახლეობის განსახლების, ტოპოგრაფიის, მშენებლობის, ტექ. და ტექნოლ., სამეურნ., სოც., რელიგ.-იდეოლოგიური ცხოვრებისა და კულტ. განვითარების შესახებ. საბჭ. საქართვ. რესპ. მთავრობის 1978 წ. 22 ნოემბრის N1501 დადგენილებით ე. გ. შეტანილია სახელმწ. დაცვისა და რესტავრაციის ობიექტთა სიაში. ე. გ-ის სტრატეგიული მდებარეობის გამო იქიდან კარგად მოჩანს მდ. ენგურის ხეობის დიდი მონაკვეთი: უახლოესი სოფლები, ხევისპირა, გვერდითი და საუღელტეხილო გზების მნიშვნელოვანი მონაკვეთები. ეცერის მოსახლეობა ამ გორაზე წელიწადში ერთხელ ზეიმობდა „სვიკობას” (სვან. „სვიკვ” – გორა) ანუ გორების დღესასწაულს. ტრადიციულად აქ იკრიბებოდა სოფლის რჩეულთა ყრილობა შიდა სასოფლო და ხევის საკითხების გადასაწყვეტად.

ლიტ.: ჩართოლანი შ., ახალმოსახლეობა და არქეოლოგიური კვლევა-ძიება სვანეთში, «ძეგლის მეგობარი», 1990, N1; მისივე, ძველი სვანეთი, თბ., 1996; Чартолани Ш., Калдани А., Итоги разведывательной экспедиции Сванетии 1975 года, კრ.: Археологические исследования в Грузии в 1975 году, Тб., 1976; Чартолани Ш., Иремашвили Ш., Сванетская археологическая экспедиция, კრ.: Полевые археологические исследования, Тб., 1979.

შ. ჩართოლანი