ეხვევი

ეხვევი, XI ს. დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა” მდ. ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ. საყურადღებოა მისი ჩრდ. და დას. შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დას. და აღმ. სარკმლების საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები”, რ-ებიც ტაო-კლარჯეთის X–XI სს. ძეგლთა მორთულობას ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რ-ებიც XX ს. დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძვ. სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.

ლიტ.: ბერიძე ვ., ეხვევის ტაძარი „დედაღვთისა”, «ქართული ხელოვნება», 1942, ტ. 1.

ვ. ბერიძე