გუდოვიჩი ივანე ვასილის ძე

გუდოვიჩი ივანე ვასილის ძე (1741 – I. 1820, ოლგოპოლი, ბერშადის რ-ნი, ვინიცის ოლქი, უკრაინა), კავკასიის მთავარმმართველი 1806–09. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ფელდმარშალი (1807), გრაფი (1797).

1759-იდან სამხ. სამსახურში იყო. თავი გამოიჩინა რუს.-ოსმ. 1768–74 ომში. რუს.-ოსმ. 1787–91 ომის დროს ხელმძღვანელობდა ჰაჯიბეის (ახლანდ. ოდესა) აღებას, 1791 იერიშით აიღო ანაპა, რის შემდეგ კავკასიის ხაზის სარდლად დანიშნეს. ამ პოსტზე მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან და საკმაოდ ორჭოფულ პოლიტიკას ატარებდა საქართველოს მიმართ აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის წინა პერიოდში. მართალია, მას ერეკლე II-თვის ჯარის უნებართვოდ გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ უტაქტობით, ერეკლეს შვილიშვილების ცნობით კი – ანგარებით, დასაზვერად გამოგზავნილ ირან. ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას არ აპირებდა, რამაც აღა-მაჰმად-ხანს გზა გაუხსნა სამოქმედოდ.

1800 პავლე I-მა გ. სამხ. საქმეს ჩამოაშორა. 1806 ალექსანდრე I-მა გ. ჯარების მთავარსარდლად დანიშნა კავკასიაში. ცარიზმის კოლონ. პოლიტიკის გასატარებლად დაიპყრო ბაქოს, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 ოსმალთა არმია დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809–12 დაინიშნა მთავარსარდლად მოსკოვში, გახდა სახელმწ. საბჭოს წევრი, სენატორი. 1812 თებერვალში თანამდებობიდან გადადგა.

ნ. ნაკაშიძე