დაგეგმვა, ცალკეულ პირთა, ადამიანთა ჯგუფის, საწარმოთა, დაწესებულებათა, სახელმწიფო ხელისუფლების მომავალი საქმიანობის თეორიული (აზრობრივი) მოდელის შემუშავება გარკვეული პერიოდისათვის, რ-იც გულისხმობს საქმიანობის მიზნებისა (მოსალოდნელი შედეგისა) და მათი მიღწევის საშუალებათა წინასწარ განსაზღვრას, ურთიერთდაკავშირებას. დ. ადამიანთა მიზანდასახული, გაცნობიერებული საქმიანობაა.
დ-ის ელემენტები ცალკეული ადამიანებისა და მათი ჯგუფების საქმიანობაში დასაბამიდან არსებობდა. უძველესი ხანის დიდი რომაელი პოეტი ოვიდიუს ნაზონი მოიხსენიებს გეგმას, როგორც მიზანს და ნაპოვნ სამოქმედო გზას. დ. საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში – სამეურნეო (ეკონომიკურ), პოლიტ., სამხ., მეცნიერულ, კულტურულ და სხვ. – გვხვდება. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონ. საქმიანობის დ. უძველესია მ ი კ რ ო ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი ანუ ცალკეულ საწარმოთა საქმიანობის დ. იგი ვრცელდებოდა განსაკუთრებით მსხვილი მრეწველობის განვითარების კვალდაკვალ. ამჟამად საწარმოები ადგენენ ბიზნესგეგმებს, რ-ებიც განსაზღვრავენ საწარმოს (ფირმის, ორგანიზაციის) მომავალი საქმიანობის ეკონ. პარამეტრებს. ეკონ. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე წარმოიშვა მ ა კ რ ო ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი, ანუ ეკონ. დ. ქვეყნის მასშტაბით. იგი შეიძლება იყოს ორი სახის: სპეციალური და კომპლექსური – ერთიანი მთელი ქვეყნისათვის. სპეც. მაკროეკონომიკური დ. გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ცალკეული სექტორის გეგმების ან სახელმწ. მნიშვნელობის პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა სახის პროგრამის ბას. ამგვარ გეგმებს უწინარესად მიეკუთვნება სახელმწ. ბიუჯეტი – შემდგომი წლის ან წლების შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა. კომპლ., მაკროეკონომიკური ერთიანი დ. კი ნიშნავს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონ. და სოც. სფეროს განვითარების ყოვლისმომცველი პარამეტრების შემუშავებას. მისი ფორმებია: დირექტიული და ინდიკატიური.
დ. შეიძლება ეროვნ. ჩარჩოებსაც სცილდებოდეს, მაშინ, როცა ის ასრულებს საერთაშ. მასშტაბით საქმიანობის ორიენტირთა და საშუალებათა განმსაზღვრელ ფუნქციას. ასეთ გეგმებს შეიძლება მივაკუთვნოთ მაგ., საერთაშ. კორპორაციების, საფინანსო, საკრედიტო ორგანიზაციების პროექტები (პროგრამები) და სხვ. დროის ხანგრძლივობის მიხედვით გამოიყოფა მოკლე (ერთ წლამდე), საშუალო (ხუთ წლამდე) და გრძელვადიანი (ხუთ წელზე მეტი) გეგმები, დანიშნულების მიხედვით კი – ოპერატიული (მიმდინარე პერიოდის, ცალკეულ ღონისძიებათა განხორციელების) და სტრატეგიული (მსხვილმასშტაბიანი, ხანგრძლივი მოქმედების).
კომპლექსური, ერთიანი მაკროეკონომიკური დ. (გეგმები) ისტორიულად პირველად საბჭ. კავშირში გაჩნდა. ეს იყო დირექტიული მაკროეკონომიკური დ., რ-ის ობიექტური საფუძველი იყო საზოგადოებრივი (საერთო-სახალხო) საკუთრების გაბატონებული მდგომარეობა. მას შეესაბამებოდა ეკონ. ცენტრალიზებული მართვა, რ-მაც საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალ. ქვეყნებში ადმ.- მბრძანებლური ხასიათი მიიღო. ეს ნიშნავდა ცენტრის დირექტივების (დიქტატის) პირობებში ეკონ. ფუნქციონირებასა და განვითარებას მართვის დარგობრივი და ტერიტ. ორგანოების მიერ.
სოციალ. ქვეყნებში, მ. შ. სსრკ- ში ეკონ. მართვის (რესურსებისა და შემოსავლების განაწილების, ფასწარმოქმნის, სტიმულირების და ა. შ.) საკითხების გადაწყვეტის მთავარი რგოლი იყო სწორედ დირექტიული მაკროეკონომიკური დ. დირექტიულ გეგმებს კანონის ძალა ჰქონდა, მათი შესრულება სავალდებულო იყო, ხოლო შეუსრულებლობა იწვევდა სანქციებს – ადმ. სასჯელს, სამსახურიდან დათხოვნას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (ქვეყნისათვის განსაკუთრებული ზიანის შემთხვევაში). კომპლ., მაკროეკონომიკური დირექტიული დ. სსრ კავშირში დამკვიდრდა XX ს. 20-იანი წლებიდან.
შეიქმნა საგეგმო ორგანოთა სპეც. ქსელი სსრკ საგეგმო კომიტეტის (იგი ცალკეულ პერიოდებში სხვადასხვა სახელწოდებით – სახ. მეურნ. უმაღლესი საბჭო, საგეგმო კომისია – არსებობდა) მეთაურობით. მასში ერთიანდებოდა რესპუბლიკების, ოლქების, სამინისტროებისა და უწყებების საგეგმო ორგანოები. ყველა საწარმოს, დაწესებულებას თავისი საგეგმო სტრუქტურა (სამმართველო, განყ-ბა) ჰქონდა. სულ სსრკ-ის არსებობის მანძილზე შედგა და ძირითადად შესრულდა (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, კერძოდ, II მსოფლიო ომისა და სხვ. მიზეზით) 12 ხუთწლიანი გეგმა. ხუთწლიანი გეგმები იყოფოდა წლიურ გეგმებად (ძირეულ რგოლებში კი – კვარტალურ და თვეების გეგმებად).
ერთიანმა კომპლექსურმა დირექტიულმა გეგმებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რესურსების მობილიზებასა და სოციალ. ქვეყნების ეკონ. განვითარებაში. ამასთან მათ, ისე როგორც მთელ მაშინდელ სოც.-ეკონ. სისტემას, გააჩნდა სერიოზული მანკიერებანი: დაძალებითი ხასიათი, რაოდენობრივი მაჩვენებლების აბსოლუტიზება, საბაზრო მოთხოვნისა და ეკონ. ბერკეტების იგნორირება, რეალური სტიმულების უგულებელყოფა და სხვ., რაც საგრძნობლად ამცირებდა მათ შედეგიანობას, წარმოშობდა მათდამი უნდობლობას საზ-ბის მხრიდან. ამგვარმა დ-მ სსრ კავშირსა და სხვა ქვეყნებში არსებობა შეწყვიტა სოციალისტური ეკონომიკის დაშლის შემდეგ. ამჟამად არსებობს მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში (ჩრდ. კორეა, კუბა).
ერთიანი, კომპლექსური, მაკროეკონომიკური ინდიკატიური (indikator– ლათ. მიმთითებელი, მაჩვენებელი) დ. შემოღებულია XX ს. შუა პერიოდიდან საბაზრო ეკონ. ქვეყნებში და შეესაბამება ამგვარი ეკონ. სისტემის ბუნებას, კერძო საკუთრების დომინირებულ მდგომარეობას. იგი წარმოადგენს საბაზრო ეკონ. სახელმწ. რეგულირების ბერკეტს. ამგვარი დ. გარკვეული პერიოდისათვის (ერთი წელი, ხუთი წელი და ა. შ.) განსაზღვრავს ქვეყნის ეკონ. პოლიტიკას, მის მიმართულებებს, უმთავრეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს (ინდიკატორები), რ-თაც საორიენტაციო ხასიათი აქვთ.
ინდიკატიური მაკროეკონომიკური გეგმა დემოკრ. ხასიათისაა და არ ითვალისწინებს სახელმწ. დავალების სავალდებულო შესრულებას, რ-იც აუცილებელი იყო დირექტიული გეგმის შემთხვევაში. იგი არის ხელისუფლებისათვის და ეკონ. სუბიექტებისათვის მოქმედების მიმართულების განმსაზღვრელი ინფორმაციული დოკუმენტი, რ-იც არ დაიყვანება კონკრ. შემსრულებლებამდე. მისი როლი და მნიშვნელობა დამოკიდებულია ინდიკატორების დასაბუთებულობაზე, სარწმუნოობაზე, შესრულების ხელსაყრელობაზე (მიზანშეწონილობაზე).
ინდიკატიური დ. შემოიღო საფრანგეთმა, ინდოეთმა, კორეის რესპუბლიკამ, ჩინეთმა და ა. შ. მისი ელემენტები გვხვდება ინგლისში, სკანდინავიის ქვეყნებში, აშშ-ში და სხვ. ამასთან კომპლ. ინდიკატიური დ. საბაზრო ეკონ. ქვეყნებში ფართოდ არ გავრცელდა, რასაც ზოგიერთი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ამ ქვეყნების ნაკლად თვლის. ბოლო პერიოდში რიგ ქვეყნებში ნეოლიბერალიზმის მიმდევარი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად, ინდიკატიური გეგმისადმი დამოკიდებულება შეიცვალა ნეგატიური კუთხით. როგორც დირექტიული, ისე ინდიკატიური გეგმები და საწარმოთა ბიზნესგეგმები ემყარება მეცნ. საფუძველს, ობიექტური პროცესების შემეცნება-გათვალისწინებას, თეორ. ბაზას და იყენებს მეცნ. მიერ შემუშავებულ მეთოდებს, დასაბუთებებს, გაანგარიშებებს, პროგნოზებს, კვლევის შედეგებს.
საქართველოში სამოქმედო გეგმები, როგორც მომავალი საქმიანობის მოდელი, გარკვეული ფორმით ძველთაგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა სფეროში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას საქართველოში მოქმედებდა მაკროეკონომიკური დ-ის დირექტიული ტიპი. დირექტიული დ-ის ცენტრი იყო საგეგმო კომიტეტი (სხვადასხვა დროს – საგეგმო კომისია და ა. შ.) თავისი ქსელით. სოციალ. სისტემის დაშლის შემდეგ, ისევე როგორც სხვა პოსტსოციალ. ქვეყნებში, საქართველოში დირექტიული მაკროეკონომიკური დ. შეწყდა (გაუქმდა).
XX ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში შემოღებულ იქნა ქვეყნის ეკონ. და სოციალ. განვითარების პროგნოზირება. შემდგომ (1993), პოსტსაბჭ. სივრცეში, პირველად საქართველოში, მაშინდელი ეკონ. სამინისტროს ინიციატივით დაიწყო ინდიკატიური მაკროეკონომიკური გეგმების შედგენა. მუშავდებოდა ხუთწლიანი და წლიური ინდიკატიური გეგმები. შედგა 1996–2000 და 2001–05 წლების ხუთწლიანი და შესაბამისი წლების ინდიკატიური გეგმები.
ამ საქმიანობაში ჩაბმული იყო ეკონ. სამინისტრო, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნ. ორგანიზაციები, ასევე ქვეყნის სამინისტროები და უწყებები, ამოქმედდა კანონი ინდიკატიური დ-ის შესახებ (1994). 2003-იდან საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ინდიკატიური დ. ამჟამად გამოიყენება გეგმიანობის ცალკეული ელემენტები (ფორმები): ეკონომიკური პროექტები, პროგრამები, საბიუჯეტო დ. და ბიზნესგეგმები (მიკროდონეზე), განისაზღვრება ეკონ. და სოც. განვითარების მიმართულებები.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., დაგეგმვა და პროგნოზირება, თბ., 1982; კ ა კ უ ლ ი ა რ., საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები, თბ., 2003; მ ა ლ ა შ ხ ი ა გ., მეტაეკონომიკა – ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995; მ ე ს ხ ი ა ი., ინდიკატორული დაგეგმვა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, «ეკონომიკა», 1993, №7–8; макроэкономического планирования, пер. с англ., т. 1–2, М., 1983; Индикативное планирование: теория и пути совершенствования, СПб., 2000
გ. მალაშხია