დაგომისის შეთანხმება, ს ო ჭ ი ს შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა 1 9 9 2, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ 1992 წ. 24 ივნისს სოჭში დადებული შეთანხმება (შედგება შესავლისა და 6 მუხლისაგან).
დ. შ. მიღწეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავ-რის – ე. შევარდნაძისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის – ბ. ელცინის დაგომისში სამუშაო შეხვედრის შედეგად.
შეთანხმების დადების მომენტიდან დაპირისპირებული მხარეები კისრულობდნენ ვალდებულებას, განეხორციელებინათ ყველა ღონისძიება, რათა 1992 წ. 28 ივნისისათვის შეწყვეტილიყო შეიარაღებული შეტაკებები და ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში გაეყვანათ თავიანთი შეიარაღებული ფორმირებანი შეხების ხაზის მიმდებარე დერეფნის შექმნის მიზნით.
კონფლიქტის რაიონის დემილიტარიზაციისა და კონფლიქტში რფ-ის შეიარაღებული ძალების ჩაბმის შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით, რუსეთის მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებულ მხარეთა განცალკევების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაეყვანა ცხინვალის რ-ნში დისლოცირებული 37-ე ინჟინერ-მესანგრეთა პოლკი და 292-ე ცალკე საბრძოლო ვერტმფრენთა პოლკი.
აღნიშნულ ზონაში, კონფლიქტში ჩაბმული მხარეების შემადგენლობით, უნდა შექმნილიყო შერეული საკონტროლო კომისია (ადგილსამყოფელი ქ. ცხინვალი), კომისიასთან კი – მეთვალყურეთა შერეული ჯგუფები. საკონტროლო კომისიასთან, მხარეთა შეთანხმებით, შეიქმნა შერეული ძალები მშვიდობის დამყარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება კონფლიქტის ზონაში არსებული რ-ნების ეკონ. აღორძინებისა და დევნილების დაბრუნებისათვის პირობების შექმნის თაობაზე, აგრეთვე მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის უზრუნველყოფის პირობებზე.
დ. შ. ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან.
2008 რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხ. აგრესიის შედეგად იმავე წლის 1 სექტ. საქართველომ შეწყვიტა დ. შ-ის მოქმედება.
მ. ჭიჭინაძე