იაკობ ალექსანდრეს ძე (1807– გ. თარიღი უცნ.), არქიტექტორი. 1817–24 სწავლობდა კრემლის მშენებელთა ექსპედიციის საარქიტექტურო სკოლაში (მოსკოვი). 1824 დაინიშნა არქიტექტორის თანაშემწედ. 1841–46 ი. თბილისში მუშაობდა, 1841–44 იყო თბილ. საქალაქო არქიტექტორი და ასრულებდა ყველა მნიშვნელოვან არქიტ. სამუშაოს (ძირითადად ეს იყო საცხოვრ. სახლების პროექტები). ფასადთა დამუშავების დროს იგი იყენებდა გვიანი რუს. კლასიციზმის ელემენტებს, რ-საც ხელისუფლების მიერ "აპრობირებული" ფასადების სავალდებულო ალბომები ნერგავდა. ამავე დროს ითვალისწინებდა თბილისურ სპეციფიკას და თავისი წვლილი შეიტანა XIX ს. თბილისური საცხოვრ. სახლის არქიტ. განვითარებაში. იგი იყენებდა თბილისური საცხოვრებლის ისეთ ელემენტს, როგორიცაა ხის დიდი აივნები ეზოს მხრიდან. 1842-იდან ხის დაკიდული აივნები ჩნდება ფასადებზედაც. 1846 ი-მა ხის აივნის სვეტების დასაკავშირებლად კოჭების ნაცვლად პირველად გამოიყენა სვეტებზე დაბჯენილი თაღები. ამის შედეგად თბილ. არქიტექტურაში დამკვიდრდა ახ. ფორმა, რ-იც ფართოდ გავრცელდა. ი. ზუბალაშვილის ქარვასლის პროექტის (1844) ავტორია – აშენდა მეტეხის ხიდის ყურეში (დაანგრიეს 1940). მასვე შეუდგენია თბილ. თეატრის ორი პროექტი (1844 და 1845 წლებში), რ-ებიც არ განხორციელებულა. თბილისიდან წასვლის შემდეგ იგი მუშაობდა რუს. სხვადასხვა ქალაქში არქიტექტორად, კერძოდ, 1849–56 მისი პროექტით ქ. ტულაში აშენდა ოფიცერთა სახლი.ლიტ.: ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, ტ. 1–2, თბ., 1960–63; საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი, ფონდი 4, აღ. 7,საქმე №1533.თ. გერსამია.