დადაშენის საეპისკოპოსო, ეპარქია ფეოდალურ საქართველოში.
სავარაუდოდ დაარსდა X ს-ში მაშინ, როდესაც სამხრ. საქართველოში იქმნებოდა (IX–X სს.) ქართ. საეპისკოპოსოები. დადაშნელი (დადაშის ეპისკოპოსი) პირველად მოხსენიებულია XIII ს. დოკუმენტში ,,განგება დარბაზობისა". ეს არის საქართვ. მღვდელმთავართა ჯდომის წესი სამეფო დარბაზობის დროს.
აქ მოხსენიებულ 35 მღვდელმთავარში დადაშნელს 34-ე ადგილი ეჭირა. დადაშნელის სამწყსოში შედიოდა ძვ. ქართული ისტ. თემები – არტანი, კოლა და ხორტევანი. XIV–XVI სს-ში დ. ს. შედიოდა სამცხე-საათაბაგოს სამთავროში. სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა XVI ს. სიაში, სადაც მოხსენიებულია 13 ქართული სამწყსო, დადაშნელს უჭირავს მე-13 ადგილი.
თურქეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (XVI–XVII სს.) შემდეგ დ. ს. მოიშალა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII ს-ში თურქეთში, ქ. კოლის ზემოთ, მტკვრის დას. სანაპიროზე, შემორჩენილი იყო დადაშის ყოფილი კათედრალი – დიდი გუმბათიანი ეკლესია, რ-საც თურქულად „დორთქილისა" (ე. ი. 249 ოთხთა ეკლესია) ერქვა.
წყარო: განგება დარბაზობისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედ., ტ. 2, თბ., 1965; სამცხე-საათაბაგოს მღუდელმთავარნი და მწყემსნი, იქვე, ტ. 3, თბ., 1970; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.