დადეში

დადეში, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სულდის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, მდ. დადეშის ხევის (მურჯახეთისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1880 მ, ახალქალაქიდან 23 კმ. 902 მცხ. (2002).

დ. წყაროებში პირველად XVI ს-შია მოხსენიებული. დასახლებული ჩანს წინაფეოდ. ხანიდან (სამარხები, კერამ. ნაწარმი). დ-ის სიძველეთაგან აღსანიშნავია ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანის საყდრები სასაფლაოებითურთ.

სოფლის სამხრით მდებარე გალავანს წინა და ადრინდ. ფეოდ. ხანის კვალი ეტყობა. დ-ის ახლანდ. სომხური მოსახლ. წინაპრები აქ XIX ს. 30-იან წლებში მოსულან.

სოფელში დგას შუა საუკ. ქართ. ეკლესია, რომლისთვისაც XIX ს-ში სომხ. ეკლესია მიუშენებიათ.

დ. ბერძენიშვილი