ელესა

ელესა, ჰ ე ლ ე ს ა, ხალხური ლექს-სიმღერა, შრომის პოეზიის სახეობა; სრულდებოდა მძიმე ტვირთის გადატანისას. გავრცელებულია ლაზეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. ე-ს სიტყვიერი ნაწილი შედარებით განუვითარებელია, ისმის მხოლოდ „ელესა" და „იო" (გურიაში). ვარაუდობენ, რომ ეს „კირიელეისონიდან" (ბერძნ. „კჳრიელეჲსონ" – „უფალო შეგვიწყალე") მიღებული სიტყვებია. ე-ის პირველი ჩანაწერი დასტურდება გ. ავალიშვილის „მოგზაურობაში" (1819). ე-ს ასრულებდნენ მეზღვაურები ღუზის ამოღებისას. ლაზური „ე." მონოდიური (ერთხმიანი გუნდური) სიმღერაა. აჭარული და გურული – სამ და ოთხხმიანი, იმერული და მეგრული – სამხმიანი.

ლიტ.: ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  გ., მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1967; თ ა ნ დ ი ლ ა ვ ა  ზ., ლაზური ხალხური პოეზია, თბ., 1972; ქართული ფოლკლორი, [ტ.] 4, თბ., 1974; ჩ ხ ე ი ძ ე  ჯ., შრომის პოეზია ქართულ ფოლკლორში, ბათ., 1973.

გ. ჭელიძე