ელექტროამძრავი, ე ლ ე ქ ტ რ უ ლ ი ა მ ძ რ ა ვ ი, ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რ-ის დანიშნულებაა მუშა პროცესების ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია. ე. ფართოდ გამოიყენება ლითონმჭრელ ჩარხებში, საგლინავი დგანებისა და სხვა მეტალ. წარმოების დანადგარებში, სამთო დარგში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, ტვირთების ტრანსპორტირებისა და მგზავრების გადაყვანისას, მოსახლეობის და საწარმოების წყლითა და ჰაერით მომარაგებისას, სოფლის მეურნეობაში, მსუბუქ და კვების მრეწველობაში და ა. შ. ვინაიდან, ტექნოლოგიური რეჟიმების შესაბამისად, იცვლება საწარმოო მანქანებისა და მექანიზმების მექან. სიმძლავრე, ამიტომ ე-ის დანიშნულებაა, აგრეთვე, მექან. ენერგიის ნაკადის მართვა, რ-იც წარმოებს ელექტრული მეთოდებით. ნებისმიერი ავტომატიზებული ე. შედგება ელექტრული ძრავისაგან, გადამცემი მოწყობილობისაგან (რ-იც აკავშირებს ძრავას საწარმოო მანქანის მუშა ორგანოსთან), ძრავის მართვის სისტემისა და გარდამქმნელი მოწყობილობისაგან. ე-ში გამოიყენება როგორც მუდმივი (დამოუკიდებელ, მიმდევრობით, ან შერეულაღგზნებიანი), ასევე ცვლადი დენის (ასინქრონული, სინქრონული, ხაზური, ბიჯური) ძრავები. ძრავის მიერ გამომუშავებული მექან. ენერგია გადამცემი მოწყობილობის (კბილანური, ფრიქციული, ღვედური და ა. შ.) საშუალებით გადაეცემა მანქანა მოწყობილობის მუშა ორგანოს. ე-ის მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ძრავის ჩართვა, გამორთვა, რევერსირება, სიჩქარის რეგულირება, დაცვა და სხვ. გარდამქმნელი მოწყობილობა საშუალებას იძლევა ე-ის მკვებავი ქსელის სამფაზა დენი გარდაიქმნას მუდმივ ან სხვა სიდიდის ან სიხშირის მქონე სამფაზა დენად. საქართვ. ტექნიკური უნ-ტი დაარსებიდანვე ამზადებდა ე-ის სპეციალისტებს (ინჟინერ-ელექტრომექანიკოსებს). ამჟამად ეს ტრადიცია გრძელდება უმაღლესი პროფ. მომზადების, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გ. მაჩაბელის, ე. ღონიაშვილის, ჯ. დოჭვირისა და ბ. ჭუნაშვილის ხელმძღვანელობით, რ-თაც მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ მიღებული ე-ის დინამიკის, ბაგირგზების ე-ის მართვის სისტემის, ბრტყელი ბიჯური ძრავებისა და სხვა სისტემების გამოკვლევებისას. პროფ. ე. ღონიაშვილის ნაშრომი „პრეციზიული ბიჯური ბრტყელი ელექტროამძრავი" აღინიშნა სსრკ სახელმწ. პრემიით (1981).
ლიტ.: Ч и л и к и н М. Г., С о к о л о в М. Н., Т е р е х о в В. М., Ш и н я н с к и й А. В., Основы автоматизированного электропривода, М., 1974 .
გ. მაჩაბელი