გუმბრის მათეთრებელი თიხის საბადო, ტუტემიწა ბენტონიტური თიხის (გუმბრინის) საბადო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმბრის მიდამოებში. აღმოაჩინა ა. თვალჭრელიძემ 1915. საბადოს ექსპლუატაცია დაიწყო 1930.
საქართველოში ბენტონიტური თიხების მოპოვებამ განაპირობა აშშ-იდან სსრკ-ში მათი (სახელდობრ, ფლორიდინის) იმპორტის შეწყვეტა.
გუმბრინის 4 მ სისქის მომწვანო-მოყვითალო ფენა დაკავშირებულია სენომანური ასაკის ვულკანოგენურ-დანალექ წყებასთან. ფენა განლაგებულია მკვრივ ტუფოგენურ გლაუკონიტიან ქვიშაქვებზე და ზემოდან ადევს ტუფქვიშაქვები. წყების აღმავალ ჭრილში გავრცელებულია აგრეთვე დაახლ. 1 მ სისქის ვარდისფერი გუმბრინის ფენა.
გ. მაჩაბელი