ელექტროგადამცემი ხაზი (ეგხ)

ელექტროგადამცემი ხაზი, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს ელექტრული ენერგიის გადაცემისა და განაწილების მიზნით. ეგხ ენერგოსისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და ელექტრულ ქვესადგურებსა და მანაწილებელ მოწყობილობებთან ერთად ქმნის ელექტროქსელს განსაზღვრულ ტერიტორიაზე. განასხვავებენ საჰაერო და საკაბელო ეგხ-ებს. საჰაერო ეგხ ელექტროენერგიას გადასცემს ანძებზე იზოლატორებით დაკიდებული ერთ ან მრავალძარღვიანი სადენებით. მის ასაგებად იყენებენ სხვადასხვა მასალისა (ფოლადი, რკინაბეტონი, ხე და ა. შ.) და კონსტრუქციის ანძებს. მიწისქვეშა საკაბელო ეგხ გაჰყავთ იქ, სადაც მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია საჰაერო ეგხ-ის აგება. კაბელებს აწყობენ უშუალოდ მიწაში ან სპეც. გვირაბებში. ნომინალური ძაბვის მიხედვით არის დაბალი (0,38 და 0,6 კვ), საშუალო (3; 6; 10 და 35 კვ), მაღალი (110, 150 და 220 კვ) და ზემაღალი (330, 400, 500, 750 კვ) ძაბვის ეგხ-ები. ელექტროქსელში ძირითადად გამოიყენებენ ცვლადი დენის სამფაზიან, იშვიათად – მუდმივი დენის ეგხ-ს. ერთ-ერთი პირველი საცდელი ეგხ მისბახი–მიუნხენი (სიგრძე – 57 კმ, ძაბვა – 1,5–2 კვ ) ააგო ფრანგმა მეცნიერმა მ. დეპრემ (1882). პირველი სამფაზიანი ცვლადი დენის ეგხ ლაუფენი–მაინის ფრანკფურტი [სიგრძე – 170 კმ, ძაბვა – 15 კვ, გადასაცემი სიმძლავრე – 230 კვ.ა, დააპროექტა და ააგო მ. დოლივო-დობროვოლსკიმ (1891)]. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი 35 კვ ძაბვის ეგხ-ით ზაჰესი დაუკავშირდა თბილისს (1927). 1934 საექსპლუატაციოდ გადაეცა 110 კვ ძაბვის ეგხ ზაჰესი–რიონჰესი. 1956 ამუშავდა 220 კვ ძაბვის ეგხ ტყვარჩელსრესი–ქუთაისი, 1958 გაყვანილ იქნა 220-კვ-იანი, ხოლო 1964 – 500-კვ-იანი ეგხ საქართველო–აზერბაიჯანი. 1973 ამუშავდა ამიერკავკასიაში პირველი 500-კვ-იანი შიდასასისტემო ეგხ ,,თბილსრესი– ზესტაფონი". ენგურჰესის აშენების შემდეგ საექსპლუატაციოდ გადაეცა (1978) ამავე ძაბვის ეგხ ქვემო ზესტაფონი–ენგურჰესი. 2012 წლისათვის საქართველოში ძირითადი მაგისტრალური ეგხ-ები 500 კვ ძაბვისაა. საქართველოს ენერგოსისტემა ეგხ-ების საშუალებით დაკავშირებულია ყველა მოსაზღვრე ქვეყნის ენერგოსისტემასთან. ძირითადი ეგხ-ებია: „კავკასიონი", „თრიალეთი", „იმერეთი", „ქართლი- 2", „სალხინო". განვითარებული ენერგეტიკის მქონე ქვეყნებში ექსპლუატაციაშია 750 კვ ძაბვის ცვლადი დენისა და 1000 კვ ძაბვის მუდმივი დენის ეგხ-ები. მიმდინარეობს მუშაობა უფრო მაღალი ძაბვის, კრიოგენული, მაღალსიხშირული ეგხ-ების შესაქმნელად.

ლიტ.: ქ უ რ დ ი ა ნ ი  ი., ქ უ რ ც ი კ ი ძ ე  გ., ელექტრული ქსელები და სისტემები, თბ., 1972.

შ. ნემსაძე