იადგარი

იადგარი (სპარს. – ხსოვნა, სახსოვარი), ქრისტიანული ღვთისმსახურების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული. მასში თავმოყრილია საეკლ. წელიწადის სხვადასხვა პერიოდისათვის განკუთვნილი განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების საგალობლები; ი. არის ღვთისმსახურების იერუსალიმური წესის ამსახველი ძეგლი, რ-ის ბერძნ. მოდელი ჩვენამდე მოღწეული არ არის. ი-ის შედგენილობის თავისებურებაა კალენდარულ დღესასწაულთა რიგის ქრისტეს შობით დაწყება; მარტსა და აპრილს შორის ჩართულია დიდმარხვისა და ზატიკის მოძრავი პერიოდების საგალობლები; შეიცავს ე. წ. აღდგომის დასდებლების, ანუ ოქტოიქოსის საგალობლების რვახმიან კომპლექტს.

ი-ის არსებობა VII ს. დასასრულიდან ივარაუდება და იგი სხვადასხვა რედაქციით არის ხელნაწერებში წარმოდგენილი. უძველეს რედაქციაში პალესტინური ლიტურგიკული პოეზიის ადრეული ნიმუშების, ძირითადად V–VII სს. თარგმანებია. საგალობლების ეს ფონდი ასახავს ლიტურგიკული გალობის ფორმების განვითარების იმ ეტაპს, როცა ბიბლ. ოდებისა და ფსალმუნების მისამღერებლად (რეფრენებად) განკუთვნილი მარტივი მონოსტროფული საგალობლების გვერდით ქრისტ. ღვთისმსახურებაში დამკვიდრება იწყო საგალობელთა ახალმა, მრავალსტროფიანმა და მრავალკომპონენტიანმა ფორმებმა (სტიქარონებმა და ჰიმნოგრაფიული კანონის ადრეულმა ნიმუშებმა). კრებულის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო ტიპიკონის მნიშვნელობის მქონე უძველესი ლიტურგიკული ძეგლის, „იერუსალიმური კანონარის", ანუ ლექციონარის ვრცელი ქართ. ვერსიის სტრუქტურა და მასში ასახული მონოსტროფული საგალობლების უძველესი ფენა, რ-მაც ახ. ფორმის საგალობლებთან ერთად შეადგინა პირველი დამოუკიდებელი ჰიმნოგრაფიული კრებული. ქართ. საღვთისმსახურო პრაქტიკაში ი-ის ძვ. რედაქცია დამკვიდრებული იყო VII–IX სს-ში.

IX – X სს. მიჯნაზე ჩამოყალიბდა ი-ის მთლიანად განახლებული რედაქცია. ეს ფაქტი განპირობებული იყო VIII ს-ში ბერძნ. საეკლ. მუსიკის რეფორმით, რ-იც საბაწმიდის მონასტერში განხორციელდა. წარმოიშვა გალობის ახ. ფორმები, დამყარებული საგალობლების რიტმულ-მუს. საზომთა – ძლისპირთა და ტროპართა შორის არსებულ სილაბურ თანაფარდობაზე. ითარგმნა და შედგა ძლისპირთა ქართ. კრებულები, რაც თარგმნილი და ორიგინ. ახ. რეპერტუარის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ახ. ი-ის შევსების პროცესი X ს. დასასრულამდე გაგრძელდა. ი-ის დღემდე მოღწეული ყველა ნუსხა X ს-ით თარიღდება. მათი უდიდესი ნაწილი პალესტინის ქართ. სამწერლო კერებშია შედგენილი და ამჟამად ქართ. ხელნაწერთა სინურ კოლექციაშია თავმოყრილი. ი-ის ძვ. და X ს. რედაქციის ნუსხებმა შემოინახეს ბერძნულიდან თარგმნილი მრავალრიცხოვანი საგალობელი ტექსტი, რ-თა დიდ ნაწილს დედნები არ ეძებნება. ნუსხათა ნაწილში საგალობლებს ახლავს აღნიშვნები ნევმური მუს. დამწერლობით.

X ს. რედაქციის ხელნაწერთა შორის გამორჩეულია მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი კრებული (978–988) რ-შიც ფაქტობრივად შეჯამებულია დიდი ი-ის ჩამოყალიბების პროცესი და ყველაზე სრულადაა წარმოდგენილი ქართვ. ჰიმნოდთა შემოქმედება.

ქართ. ი-ებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზანტ. ჰიმნოგრაფიის ისტორიის კვლევისათვის, რადგანაც ისინი „იერუსალიმურ ლექციონართან" ერთად ასახავენ ჰიმნოგრაფიის განვითარების უწყვეტ პროცესს XI ს. დამდეგამდე, როცა ი-მა, როგორც ჰიმნოგრაფიული კრებულის ადრეულმა სახემ, ადგილი დაუთმო ღვთისმსახურების ბიზანტ. წესისათვის დამახასიათებელ ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებს.

ი. დიპლომატიკური ტერმინიცაა და ზოგჯერ შეწირულობის სიგელის მნიშვნელობით იხმარება.

გამოც.: ინგოროყვა პ., ძველ-ქართული სასულიერო პოეზია, წგ. 1 – ტექსტები. VIII–X სს., ტფ., 1913; უძველესი იადგარი. ე. მეტრეველის, ც. ჭანკიევის და ლ. ხევსურიანის გამოც., თბ., 1980; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1970, საბ. №№231 233; ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი. ორი ძველი რედაქცია X–XI სს. ხელნაწერების მიხედვით, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1971; Les hymnes de la Résurrection, I. Hymnographie liturgique géorgienne. Textes du Sinaї 18. Introduction, traduction et annotation par Ch. Renoux, Paris, 2000.

ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული, ტ. 3, თბ., 1965; კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მისივე, უცნობი რედაქცია ქართული ჰიმნოგრაფიული თუენისა, – წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VIII, თბ., 1962; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. სინური რედაქცია, ნაკვ. 1. შეადგინეს: ე. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა, ლ. ხევსურიანმა და ლ. ჯღამაიამ, თბ., 1978; ხევსურიანი ლ., ჯღამაია ლ., X საუკუნის დიდი იადგარის ერთი ნუსხის შესახებ. – «მრავალთავი» (ფილოლ.-ისტ. ძიებანი), XVIII თბ., 1999; Кекелидзе К., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тфл., 1908.

ლ. ხევსურიანი