იაკობ ალფეს მონასტერი, ქართველთა მონასტერი იერუსალიმში. მდებარეობს ბერძენთა საპატრიარქოს მახლობლად, აღდგომის ეკლესიის გვერდით.
გადმოცემის მიხედვით, ის აგებულია წმ. მოციქულის წამებით აღსრულების ადგილას. ტიმოთე გაბაშვილის მიხედვით: „ქ. იაკობ ალფეს მონასტერი, გიორგი კურაპალატის მეფისაგან აღშენებული" ყოფილა. ტიმოთეს „მიმოსლვის" ხელნაწერში არის შედარებით ვრცელი ინფორმაცია: „იაკობ მოციქულის ალფეს საფლავი აღუშენებია გიორგი მეფეს ქართველთასა, აწ რომ სომეხთ უჭირავს. იტყვიან, ზარაფხანა მეფეთა ჩვენთა იმ მონასტერში ყოფილა". იგი უნდა აეშენებინათ 1072-მდე, გიორგი II-ის უფლისწულობის პერიოდში.
ი. ა. მ-ის შენარჩუნებისათვის ქართველების ბრძოლის ერთადერთი და უკანასკნელი მომენტი აისახა ჯვრის მონასტრის ხელნაწერში, რ-იც 1514 თარიღდება. ჯვარისმამა ბეენა ჩოლოყაშვილმა სომხებს ბრძოლა გაუმართა მონასტრის გამო. „აქა მე და სომეხნი დავისარჩლენით იაკობ წმიდისა საყდარზედა" – წერს ბეენა, მაგრამ ქართველებმა მონასტერი დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. 1517 სულთანმა სელიმ I-მა მონასტერი იერუსალიმის პატრიარქის სოფრონიუსის მეურვეობას დაუქვემდებარა. სავარაუდოა, რომ ვერც ბერძნებმა შესძლეს ი. ა. მ-ის ვალებიდან განთავისუფლება, რის გამოც ქართველები იძულებული გახდნენ ის სომხებისთვის მიექირავებინათ.
ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდა პატრიარქი გერმანი, მაშასადამე, ი. ა. მ. სომხების ხელში გადავიდა 1534–79.
დაახლოებით 1610 სომხებმა იაკობის მონასტერში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს იპოვეს დიდძალი განძი. ჩანს, მართალი იყო ტიმოთე გაბაშვილი, როცა წერდა, რომ ი. ა. მ-ში საქართველოს მეფეთა ზარაფხანა იყო.
წყარო: ტიმოთე გაბაშვილი, მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956.
ლიტ.: მარი ნ., იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1955; ჯეჯელავა ლ., წმ. იაკობის ქართული მონასტერი იერუსალიმში, წგ.: ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991.
ე. მამისთვალიშვილი