იაკობი

იაკობი, ქართლის ეკლესიის მეორე მამამთავარი (ეპისკოპოსი) IV ს. შუახანებში.

ი. მღვდელი იმ პირთა შორის იყო, რ-ნიც მეფე მირიანის თხოვნით რომის იმპერიიდან ახალმოქცეულ ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში იოანესთან ერთად მოვიდნენ. ქართველთა მონათვლის შემდეგ იოანე ქართლის პირველ ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ი. კი სას. მოღვაწეობას ეწეოდა. იგი „ერთ ერისთავთან" ერთად თან ახლავს წმ. ნინოს თიანეთის მოსახლეობის მოსაქცევად მოგზაურობისას. გარდაცვალების წინ წმ. ნინომ იოანე ეპისკოპოსს „დაჰვედრა" (ლეონტი მროველის სიტყვით „მეფეს შევედრა"), რათა მის „შემდგომად" ი-ს „დაეპყრა საყდარი" (ე. ი. ქართლის ეკლესიის მეთაური გამხდარიყო). იოანეს გარდაცვალების შემდეგ ი. ქართლის სამეფოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, მაგრამ მეფე მირდატის ზეობისას 368, როდესაც ქართლში რომაელებთან ერთად სომხებიც შემოვიდნენ, ი. ეპისკოპოსობიდან გადააყენეს და მის მაგივრად იობი დასვეს.

369 ქართლის სამეფოს ორად გაყოფის შემდეგ, როგორც ჩანს, იობი რომის გავლენის სფეროში მოქცეული ქართლის ეკლესიის მეთაური გახდა, ი. ეპისკოპოსმა კი ირანის ქვეშევრდომობაში მყოფი ქართლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი დაიკავა. სავარაუდოდ, ამის შემდეგ ი. მალე გარდაიცვალა.

წყარო: ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა. ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.

ვ. გოილაძე