„იალის თამაში", მამაკაცთა პანტომიმური სანახაობა, ცეკვა-თამაში, რ-იც XIX-მდე შემორჩა ძვ. თბილისს. იმართებოდა გაზაფხულზე, ყველიერის დღესასწაულზე.
„ი. თ." იმ დროისთვის ასე გამოიყურებოდა: მხარზე ბაღდადგადაგდებული რამდენიმე მამაკაცი ზურნის ხმაზე ჩაკვრით უვლიდა წრეს. ერთ-ერთი მათგანი მოცეკვავეებს ჯოხით უტევდა, ემუქრებოდა და ცეკვის რიტმზე ბაღდადების, სარტყლების გადაყრას, პერანგების გახდას მოითხოვდა. მოცეკვავე მამაკაცები რამდენიმეჯერ შემოუვლიდნენ წრეს და მიმდევრობით იწყებდნენ სამოსის გახდას. შემდეგ იმავე წესით იცვამდნენ და ცეკვაც ამით მთავრდებოდა.
მკვლევართა აზრით, „იალის თამაშობა", „მელია ტელეფიას" მსგავსად, ნაყოფიერების, სიყვარულისა და შვილიერების მფარველი ღვთაების „კვირიას" სადიდებელი რიტუალის ნაშთი უნდა იყოს.
ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010; ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბ., 1948.