იამბიკო

იამბიკო, ძველი ბერძნული პოეზიის სალექსო ზომა, რ-იც ეყრდნობა ორმარცვლიან ტერფთა, ანუ იამბთა, გარკვეულ რაოდენობას. სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაში გრძელ მარცვალს მახვილიანი შეენაცვლა.

ბერძნულის გავლენით აღმოცენებული ქართ. ქორეული (იხ. ქორე)ი. სამოცმარცვლიანია, შედგება ხუთი თორმეტმარცვლიანი ტაეპისაგან.

ძვ. ქართ. ჰიმნოგრაფიაში ი. X ს-იდან გვხვდება იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, ეზრასა და სხვათა შემოქმედებაში. ქართ. ი-სთვის დამახასიათებელია კიდურწერილობა.

XI ს-იდან ქართ. ი-ში ჩნდება რითმა (ბორენას, დემეტრე I-ის საგალობლები). იამბიკური თორმეტმარცვლიანი ტაეპი გატეხილია ორ არათანაბარ (ხუთ და შვიდმარცვლიან) ნაწილად.

ი-ს ნიმუშია მეფე დემეტრეს (1125–59) ცნობილი საგალობლის ბოლო ხუთტაეპიანი სტროფი:

„შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული,

მორჩი კეთილი ედემში დანერგული,

ალვა სულნელნი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებული,

და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინებული".

ი. როგორც ლიტურგიული კანონი, გაყოფილია რვა „გალობად": I, II, III, IV, V, VI, VII, VIII. თითოეულ „გალობაში" არის ოთხი სტროფი, ხოლო სტროფი ზოგჯერ ხუთზე მეტ ტაეპს შეიცავს (იმის მიხედვით, თუ რამდენი ასოა ი-ს აკროსტიქში).

ლიტ.: ბერაძე პ., ქართული იამბიკოს შესახებ, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე» 1943, ტ. 4, №6; გაწერელია ა., ქართული ლექსი, თბ., 1955; ინგოროყვა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

ლ. ჯღამაია